გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია
ღონისძიებები
29 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება ახლად დაფუძნებული გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია.
გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრი კომპლექსურად შეისწავლის მყინვარებს, კრიოსფეროსა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პროცესებს.
ცენტრის მთავარი მიზანია საქართველოსა და კავკასიის მყინვარების სისტემური მონიტორინგი და გლაციოლოგიური საფრთხეების შეფასება. ცენტრის თაოსნობით განხორციელდება მრავალწლიანი კვლევითი პროგრამები, საერთაშორისო პროექტები, სტუდენტური და სადოქტორო ინიციატივები, ასევე მაღალი დონის სამეცნიერო ღონისძიებები.
ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
- თანამედროვე გლაციოლოგიური კვლევები;
- დისტანციური ზონდირება;
- საველე ექსპედიციები;
- გეომორფოლოგიური ანალიზი;
- მყინვარული და კლიმატური მოდელირება.
დღეს, როდესაც კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად აჩქარებს მყინვარების დეგრადაციას და ზრდის ბუნებრივი საფრთხეების რისკს, მსგავსი ცენტრის შექმნა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია როგორც მეცნიერების, ისე ქვეყნის მდგრადი განვითარების მიმართულებით. ცენტრი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდა მკვლევართა განვითარებასა და საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ გლაციოლოგიურ კვლევით სივრცეში.
პრეზენტაციას გაუძღვება ლევან ტიელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გლაციოლოგიის მიმართულებით. პროფესორი ტიელიძე არის მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრის (https://wgms.ch/) და კრიოსფერული მეცნიერებების საერთაშორისო ასოციაციის (https://cryosphericsciences.org/) ოფიციალური კორესპოდენტი საქართველოში. იგი ასევე არის მყინვარებზე კოსმოსიდან გლობალურად დაკვირვების საერთაშორისო ინიციატივის (https://www.glims.org/) რეგიონული წარმომადგენელი კავკასიაში.
პროფესორი ტიელიძე ახლახან აირჩიეს საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოების (International Glaciological Society) მმართველობითი საბჭოს წევრად. 1936 წელს ლონდონში დაფუძნებული საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოება ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული ორგანიზაციაა კრიოსფეროს კვლევის მიმართულებით და აერთიანებს მეცნიერებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობენ თოვლსა და ყინულოვან სისტემებს.
პროფესორი ტიელიძე გასულ კვირას აირჩიეს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Remote Sensing-ის რედაქტორად. გამოცემა ეძღვნება მთის მყინვარებისა და ანტარქტიკის მყინვარული ფარების დინამიკის თანამედროვე კვლევებს.
დრო: 29 მაისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
დასწრება თავისუფალია.
2026