დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
პროგრამის დასახელება: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
ფაკულტეტი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ბაკალავრი
მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება
პროგრამის შესახებ
პროგრამა ეფუძნება თანამედროვე მულტიდისციპლინურ მიდგომას და ორიენტირებულია ჰოლისტურად მოაზროვნე, პრობლემის გადაჭრის უნარებით აღჭურვილი კურსდამთავრებულის მომზადებაზე.
პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია გამოყენებით მხარესა და დარგში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებზე. 2020 წელს პროგრამა განვითარებისა და განახლების მიზნით განახლდა.
ფაკულტეტსა და უნივერსიტეტს აქვს მატერიალური ბაზა, რომელიც გამოიყენება სწავლებასა და პრაქტიკულ და ტექნიკურ მომზადებაში:
- უნივერსიტეტის კეთილმოწყობილი საველე და სასწავლო-კვლევითი ბაზები ახალქალაქში, სტეფანწმინდაში, დედოფლისწყაროსა და გრიგოლეთში;
- დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კვლევითი და სხვა აპარატურით (დიფერენციალური GPS-ები, საძიებო სეისმური აპარატურა, GPR-ი, ფსკერის სკანირების სონარი და ფსკერქვეშა პროფილირების აპარატურა და სხვ.);
- გარემოს კომპლექსური კვლევის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია;
- სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა (QGIS, ArcGIS, MICROMINE, Matlab და სხვ.);
- ქიმიის სასწავლო ლაბორატორია;
- სხვადასხვა დანიშნულების დრონები.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია
- შეასწავლოს სტუდენტს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ფუნდამენტური ცნებები, კონცეფციები და თანამედროვე თეორიები და აჩვენოს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მულტიდისციპლინური და ინტერდისციპლინური ხასიათი, გამოყენების არეალი და მნიშვნელობა სოციოეკონომიკურ და გარემოსდაცვით კონტექსტში;
- აღჭურვოს სტუდენტი პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტურად გადაჭრის უნარებით კვლევის რაოდენობრივი მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
- მოამზადოს სტუდენტი წარმატებული პროფესიული კარიერისთვის, მათ შორის მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად;
- აღჭურვოს სტუდენტი ისეთი ტრანსფერული უნარებით, როგორებიბრაც არის: კრიტიკული აზროვნება, ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია გუნდში მუშაობის უნარი, რომელსაც გამოიყენებს კარიერული ზრდისთვის, თვითგანვითარებისა და საზოგადოებაში ეფექტური საქმიანობისთვის.
სწავლების ძირითადი მიმართულებები:
დარგის საჭიროებიდან გამომდინარე პროგრამა ითვალისწინებს ფუნდამენტურ მეცნიერებებში (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია) ბაზისური ცოდნის შეძენას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ფართო სპექტრის დისციპლინებთან ერთად და აგებულია იმგვარად, რომ უზრუნველყოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნისა და უნარების დაკავშირება.
სწავლის შედეგები
კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:
- ექნება ფართო ცოდნა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ფუნდამენტური კონცეფციების, პარადიგმების, თეორიებისა და პრინციპების შესახებ და საკითხის შესწავლისთვის აუცილებელი ცოდნა ქიმიაში, ფიზიკაში, მათემატიკასა და გარემოსმცოდნეობაში;
- შეძლებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებსა და სოციო-ეკონომიკურ და გარემოსდაცვით საკითხებს შორის არსებული კავშირების იდენტიფიცირებას, რაც გამოიხატება, მათ შორის გარემოზე ადამიანის ზეგავლენაში, გეოსაფრთხეებისა და კატასტროფების გამომწვევი მიზეზების/პროცესების დადგენაში;
- შეძლებს ეფექტურად გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები, გამოთვლითი მეთოდები და პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტები, მათ შორის: გეოსაინფორმაციო სისტემები (GIS) და დისტანციური ზონდირების მეთოდები;
- შეძლებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებთან დაკავშირებული კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაჭრის გზების განსაზღვრას და შეფასებას მეცნიერული მიდგომების გამოყენებით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
- შეძლებს რაოდენობრივი მონაცემების/ინფორმაციის შეგროვებას, აღწერას, ანალიზს და ინტერპრეტაციას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით;
- ექნება ლაბორატორიაში და ველზე მუშაობის საბაზო უნარები, რაც მოიცავს შესაბამისი ხელსაწყოებისა და ტექნიკის გამოყენებასა და უსაფრთხოების წესების დაცვას;
- ექნება სპეციალისტებსა და ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, აკადემიური და პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვით;
- ექნება ელექტრონულ საინფორმაციო ბაზებსა და სხვა საინფორმაციო წყაროებთან (მათ შორის სამეცნიერო ლიტერატურასთან) მუშაობის საბაზო უნარი;
- შეძლებს ეფექტურად იმუშაოს დამოუკიდებლად და გუნდში, საკუთარი ძალებით დაგეგმოს და განახორციელოს თავისი ცოდნის და უნარების გაღრმავების პროცესი.
სწავლის მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლება და ორიენტირებულია თეორიული ცოდნის პარალელურად შესძინოს სტუდენტს პრაქტიკული/ლაბორატორიული თუ საველე უნარ-ჩვევები.
სწავლებისას ასევე პრიორიტეტი ენიჭება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას. პროგრამით დასახული მიზნების მისაღწევად სწავლება-სწავლის პროცესში გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
- ლექციები და სემინარები;
- პრაქტიკული სამუშაო, მათ შორის ველზე და ლაბორატორიაში;
- პროექტზე მუშაობა ინდივიდუალურად და ჯგუფებში;
- ანალიზი და სინთეზი.
შენიშვნა: პროგრამაში გამოყენებული სწავლების მეთოდები დაკონკრეტებულია შესაბამისი კურსების სილაბუსებში
დასაქმების შესაძლებლობები
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:
სამეცნიერო-კვლევით, საჯარო დაწესებულებებში ან ნებისმიერ არასამთავრობო თუ კერძო კომპანიაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებთან: გეოლოგიასთან, გეოფიზიკასთან, ჰიდროლოგიასა და ჰიდროგეოლოგიასთან, საინჟინრო-გეოლოგიასთან, კლიმატოლოგიასთან, კარტოგრაფიასთან, სასარგებლო წიაღისეულის კვლევა-ძიებასა და მოპოვებასთან, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ მონიტორინგთან, გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან და სხვ.
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სამაგისტრო საფეხურზე.
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა:
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი
მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
ზოგადი მოდული | 60 |
ძირითადი სპეციალობა | 120 |
დამატებითი სპეციალობა/თავისუფალი კომპონენტი | 60 |