მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„სოციალური მუშაობა – მეცნიერება სოციალური ცვლილებისათვის“ – პირველი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

26-29 მაისს გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური ინტერვენციების მეცნიერული განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კონფერენცია „სოციალური მუშაობა – მეცნიერება სოციალური ცვლილებისათვის“ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

სოციალური მუშაობა უნიკალური აკადემიური დისციპლინა და პროფესიაა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური პრობლემების სისტემური გაგების საფუძველზე სოციალური ინტერვენციების განვითარებას. მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სოციალური ინტერვენციების შედეგად კი შესაძლებელია ადამიანის სოციალური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესება.

კონფერენციის მთავარი თემაა სოციალური ცვლილებების განხორციელების პროცესში სოციალური მუშაობის მეცნიერების წვლილისა და მნიშვნელობის ხაზგასმა, ასევე საქართველოში სოციალური მუშაობის, როგორც პრაქტიკული მეცნიერების, მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, ახალგაზრდა პროფესიონალების დაინტერესება კვლევით და სამეცნიერო საქმიანობით.

კონფერენციაზე მოხსენებებს გააკეთებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მასწავლებლები და კურსდამთავრებულები, ასევე სხვა მეცნიერები, მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართული წარმოშობის მეცნიერი სოციალური მუშაკები.

კონფრენეციის ბოლო დღე მიეძღვნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრაქტიკის მოდულის „სოციალური პედაგოგიკა სოციალურ მუშაობაში“ დანერგვის შედეგებს, რომელთაც გაეცნობა საერთაშორისო საზოგადოება.

პროექტი ხორციელდება ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით (vBuilding bridges - development of practice based higher education in social pedagogy as a tool for social reforms and inclusion of persons with disabilities in Armenia, Georgia, Kyrgyzstan and Norway '' – CPEA-LT-2017/10043).

კონფერენციის ამ ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და ნორვეგიელი კოლეგები. მოხსენებები მიეძღვნება როგორც ახალი მოდულის დანერგვის საკითხებს, ასევე სოციალური მუშაობის ეთიკისა და პრაქტიკის ურთიერთმიმართებას. ამავე დღეს გაიმართება ვორკშოპი, რომელზეც სადემონსტრაციო პროექტის შედეგებით წარდგებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკის მასწავლებლები, სტუდენტები, ბენეფიციარები და მათი მხარდამჭერები.  სოციალური მუშაობის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პრაქტიკის მოდული, გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://conferencegasw.wixsite.com/gasw.

დრო: 26 მაისი, 17:00-20:00 საათი
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3oMtbYu

დრო: 28 მაისი, 16:00-20:15 საათი
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3oMMHnJ

დრო: 29 მაისი, 12:30-17:00 საათი
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3ujoK8z


2021 წელი

ბანერები