მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო ონლაინკონფერენცია „ქრისტიანული რელიკვიები და რელიკვარიუმები გვიანი ანტიკურობიდან პოსტბიზანტიურ ეპოქამდე: აღქმა და ინტერპრეტაცია“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრი აცხადებს მოხსენებათა თეზისების მიღებას საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინკონფერენციისთვის „ქრისტიანული რელიკვიები და რელიკვარიუმები გვიანი ანტიკურობიდან პოსტბიზანტიურ ეპოქამდე: აღქმა და ინტერპრეტაცია“, რომელიც გაიმართება 2025 წლის 18-19 ოქტომბერს. 

კონფერენციის მიზანია ახლებურად წარმოაჩინოს ქრისტიანული წმინდა ნაწილებისა და სანაწილეთა მნიშვნელობა და როლი სხვადასხვა ტრადიციაში. ყურადღება გამახვილდება  რელიკვიების თაყვანისცემის პრაქტიკასა და მათ კულტურულ განზომილებაზე.

რელიკვიები და რელიკვარიუმები ათწლეულების განმავლობაში არაერთი სამეცნიერო კვლევის საგანი იყო. ახალი გამოკვლევები და გამოვლენილი მასალები იძლევა საშუალებას ახლებურად იქნას გააზრებული წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის ადგილი და მნიშვნელობა შუა საუკუნეების კულტურაში. წარმოაჩინოს პრემოდერნულ ქრისტიანულ კულტურაში განვითარებული რელიკვიების თაყვანისცემის მრავალფეროვანი პრაქტიკა, რომელშიც დასტურდება მნიშვნელოვანი მოწმობები თანადროული პოლიტიკური, რელიგიური და ესთეტიკური ღირებულებების შესახებ.

ძირითადი თემები

  • რელიკვიებისა და რელიკვარიუმების როლი სამონასტრო წმინდანთა კულტის კონსტრუირებაში: სამონასტრო წმინდანთა თაყვანისცემის დამკვიდრებაში მათი რელიკვიების როლი და მნიშვნელობა.
  • რელიკვიები და იდენტობები: რელიკვიების როლის გამოკვლევა კულტურული და რელიგიური იდენტობების ჩამოყალიბებაში.
  • რელიკვიები და რიტუალები: რელიკვიებთან დაკავშირებული რიტუალების ანალიზი და მათი გავლენა რელიგიურ პრაქტიკაზე.
  • რელიკვიები, როგორც ძღვენი: წმინდა ნაწილებისა და სანაწილეების ბოძების კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობა.
  • რელიკვიები და მომლოცველობა: რელიკვიებსა და მომლოცველობის ტრადიციებს შორის ურთიერთკავშირი.
  • თაყვანისცემის პრაქტიკა: რელიკვიების როლი რელიგიურობისა და პირადი ღვთისმოსაობის ფორმირებაში.
  • რელიკვიათა და რელიკვარიუმთა იდეოლოგიური კონტექსტი: რელიკვიათა თაყვანისცემის იდეოლოგიურ-თეოლოგიური საფუძვლები და რელიკვარიუმების პროგრამები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გაგზავნეთ ინგლისური აბსტრაქტი (მაქს. 300 სიტყვა) და მოკლე ბიოგრაფია (მაქს. 100 სიტყვა) ელექტრონულ მისამართზე: nino_chichinadze@iliauni.edu.ge

აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო ვადა: 2025 წლის 23 მაისი

მოხსენების აბსტრაქტის მიღების შესახებ შეტყობინება: 2025 წლის 15 ივნისი

წარმოდგენილი აბსტრაქტები გაივლის რეცენზირებას და შეირჩევა ორიგინალურობის, აქტუალობისა და საკითხის შესწავლაში შეტანილი წვლილის მიხედვით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრი

საკონტაქტო პირი: პროფ. ნინო ჭიჭინაძე, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის დირექტორი

2025

 

ბანერები