


რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდია მოიპოვეს
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის წარმატებული სტუდენტები სერგი ტყეშელაშვილი და ქრისტინე მარკოზია კონრად ადენაუერის ფონდის Konrad-Adenauer-Stiftung South Caucasus სტიპენდიატები გახდნენ.
სერგი ტყეშელაშვილი და ქრისტინე მარკოზია სამაგისტრო საფეხურზე სწავლის დროს იმუშავებენ კვლევებზე, რომელთა მიზანია რელიგიის ფენომენის შესწავლა საბჭოთა პერიოდის საქართველოში.
- სერგი ტყეშელაშვილის კვლევის ინტერესია რელიგიის ფენომენი, მისი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები. იგი განსაკუთრებით დაინტერესებულია სამოქალაქო რელიგიის იდეებით საბჭოთა საქართველოს ადრეულ წლებში და რელიგიური იდეების ცვლილებით 1921-1941 წლებში.
- ქრისტინე მარკოზია დაინტერესებულია როგორც დოქტრინული, ასევე ყოველდღიური რელიგიის შესწავლით. კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე მონაწილეობდა პროექტში „მეჩეთები საქართველოში – სამხრეთ საქართველო“. სტიპენდია მას საშუალებას მისცემს, იმუშაოს საკითხზე მუსლიმი თემის ისტორია და საბჭოთა რეჟიმის გავლენა მის რელიგიურობაზე.
სერგი ტყეშელაშვილი
სერგი ტყეშელაშვილმა დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა (ბაკალავრის ხარისხი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ისტორიის მიმართულება (ბაკალავრის ხარისხი). სერგი ისტორიის სერტიფიცირებული მასწავლებელია და ამჟამად მუშაობს ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მხარდამჭერ მასწავლებლად. მისი ინტერესების სფერო მოიცავს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, უფრო კონკრეტულად კი რელიგიის ფენომენს, მისი პოლიტიკური, სოციალური, კულტურული განზომილებით. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე.
კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიის ფარგლებში აპირებს შეისწავლოს რელიგიის საკითხები საბჭოთა საქართველოში. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა სამოქალაქო რელიგიის იდეები საბჭოთა საქართველოს ადრეულ წლებში და რელიგიური იდეების ცვლილება 1921-1941 წლებში.
ქრისტინე მარკოზია
ქრისტინე მარკოზიამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის (არაბისტიკა) პროგრამა დაასრულა. იგი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთის ისტორიით, კულტურითა და რელიგიით. საბაკალავრო ნაშრომიც ეგვიპტეში მულტირელიგიურ გარემოში თანაცხოვრების კულტურაზე დაწერა.
ქრისტინესთვის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების ძირითადი მოტივი იყო საქართველოში ისლამის, მუსლიმის თემის შესწავლა. აინტერესებს როგორც დოქტრინული, ასევე ყოველდღიური რელიგიის შესწავლა. კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, ქრისტინე მონაწილეობდა პროექტში „მეჩეთები საქართველოში – სამხრეთ საქართველო“.
კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდია ქრისტინე მარკოზიას საშუალებას მისცემს დამოუკიდებელი კვლევა მოამზადოს საქართველოს მუსლიმ თემზე, მის ისტორიასა და საბჭოთა რეჟიმის გავლენაზე მის რელიგიურობაზე. განსაკუთრებით დაინტერესებულია რეპრესირებული მუსლიმი მესხების რელიგიურობის ტრანსფორმაციით.
2021 წელი