მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ ტატიანა დენისოვას საჯარო ლექცია „არაბები მალაიურ სამყაროში: მასწავლებლები, ვაჭრები... განგსტერები?“

ღონისძიებები

9 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „არაბები მალაიურ სამყაროში: მასწავლებლები, ვაჭრები... განგსტერები?“.

მალაიაში მცხოვრებ არაბთა უდიდესი ნაწილი სამხრეთ იემენის რეგიონიდან, ჰადრამაუთიდან, იყო მიგრირებული, დანარჩენები კი – არაბული სამყაროს სხვა მხარეებიდან. მათ მალაიელთა შორის მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვეს, რადგან ადგილობრივები წინასწარმეტყველ მუჰამადის შთამომავლებად (საიდებად) მიიჩნევდნენ, რამაც მათ მუსლიმურ საზოგადოებაში განსაკუთრებული პატივისცემა და პრივილეგირებული მდგომარეობა მოუტანა. მალაიური საზოგადოების სულიერ, ინტელექტუალურ და ეკონომიკურ განვითარებაში არაბთა წვლილი უდავოა. მიუხედავად ამისა, მალაიური ისტორიული წყაროები იმასაც ადასტურებს, რომ საიდები მეკობრეობაში, ოპიუმითა და იარაღით ვაჭრობაში იყვნენ ჩაბმულნი და კრიმინალურ ორგანიზაციებთანაც ჰქონდათ კავშირი. საიდი ვაჭრები ხშირად უვლიდნენ გვერდს ჰოლანდიურ და ბრიტანულ საბაჟო საგუშაგოებს, რათა პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობა დაემყარებინათ ადგილობრივ მალაიელ და ბუგისელ ბელადებთან.

მალაიური ისტორიული წყაროებისა და არქიპელაგის შუა საუკუნეების ისტორიის შესახებ არსებული სამეცნიერო კვლევების შედარებითი ანალიზი უფრო მკაფიო წარმოდგენას გვიქმნის საიდთა კლანების ცხოვრების წესსა და მალაიურ მუსლიმურ საზოგადოებაში მათ როლზე.

ტატიანა დენისოვა მალაიზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ისლამის, მეცნიერებისა და ცივილიზაციის ცენტრის პროფესორი და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული სპეციალისტია. მისი კვლევითი ინტერესებია: აღმოსავლური ისტორიოგრაფია, პირველადი წყაროების შესწავლა, მალაიური სამყაროს ისტორია, ისლამის ისტორია რუსეთსა და კავკასიაში. ავტორია არაერთი პუბლიკაციისა, მათ შორის: Reflection of Malay Islamic Historiography (2017), Collection of Lingga Shari’a Court’s documents (beginning XX c.): the structure of the collection and research methodology (2018), Orientation, Navigation and Seafaring in Malay Islamic Historiography from 14th to 19th centuries (2020). 2023 წელს მისი რედაქტორობით და წინასიტყვაობით გამოიცა ნაშრომი Elena Davidovitch, Numismatica Transoxiana. From 9th to 13th century.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 9 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორია, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები