მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ თამარ გურჩიანის ონლაინლექცია „გენდერი და სამართალი ომის პირობებში“

ღონისძიებები

21 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი ონლაინკურსის RETHINKING GENDER, WAR, AND PEACE IN XXIST CENTURY: UKRAINE IN COMPARATIVE PERSPECTIVE ფარგლებში ონლაინ წაიკითხავს ლექციას „გენდერი და სამართალი ომის პირობებში“.

შეიარაღებული კონფლიქტები განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს ქალებსა და გოგოებზე; ისინი ხშირად ხდებიან სექსუალური ძალადობის სამიზნეები, რაც ერთ-ერთ საომარ ტაქტიკად გამოიყენება. ლექციის ძირითადი თემაა შეიარაღებულ კონფლიქტებში ქალის უფლებების დაცვა. მომხსენებელი განიხილავს გაეროს რეზოლუციებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ყურადღებას გაამახვილებს 2008 წელს მიღებულ N1820 რეზოლუციაზე შეიარაღებულ კონფლიქტებში სქესობრივი ძალადობის შესახებ.

მომხსენებლის შესახებ

თამარ გურჩიანი ილიაუნის ასოცირებული პროფესორია საჯარო სამართლის მიმართულებით. სამართალს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი უილიამისა და მერის კოლეჯის სამართლის სკოლის მაგისტრი და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე და ორგანიზაციის „საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გამგეობის წევრი.

ონლაინკურსი RETHINKING GENDER, WAR, AND PEACE IN XXIST CENTURY: UKRAINE IN COMPARATIVE PERSPECTIVE, რომლის ორგანიზებაშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობენ ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), კიევის ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტი (უკრაინა), ხარკოვის უნივერსიტეტი, ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (ლიტვა), 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.

კურსის მიზანია გენდერის კვლევის პერსპექტივიდან კრიტიკულად გაიაზროს ომისა და მშვიდობის პრობლემები კომპარატივისტული მიდგომით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომსა და პოსტსაბჭოთა რეგიონზე ფოკუსით.
კურსს, რომელიც ტარდება შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, უძღვებიან ილიაუნისა და პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები.

ლექციის ზუმის ბმულის მისაღებად კურსზე წინასწარ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
https://shorturl.at/rvSZ1

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 21 ნოემბერი, 14:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები