მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ − დოკუმენტური გადაცემა Dateline-ის ეპიზოდის ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

27 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულებისა და კინოკლუბის ორგანიზებით ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართება ავსტრალიური სატელევიზიო მაუწყებლობა SBS-ის ყოველკვირეული დოკუმენტური გადაცემის (“Dateline”) ეპიზოდის „მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ (“Murder and Corruption in Malta”) ჩვენება და დისკუსია.

„მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ მოგვითხრობს მალტელი ქალი ჟურნალისტის, მწერლის, ბლოგერისა და ანტიკორუფციული აქტივისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობისა და გამოძიების ისტორიას.

მალტელი ქალი ჟურნალისტი მუშაობდა მალტის მთავრობის კორუფციული გარიგებების, ფულის გათეთრების, ნეპოტიზმის საქმეებზე, ასევე აწარმოებდა გამოძიებას ჩრდილოვანი ფინანსური ოპერაციების საერთაშორისო დანაშაულზე, რომელიც „პანამის დოკუმენტების“ სახელით არის ცნობილი. მიუხედავად ზეწოლისა და დაშინების არაერთი მცდელობის, მათ შორის, მალტის პოლიციის მიერ ორჯერ დაკავების, დაფნე გალიცია განაგრძობდა როგორც მალტის ხელისუფლებისთვის კრიტიკული სტატიების, ასევე საკუთარი ბლოგის მეშვეობით კორუფციული გარიგებების შესახებ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას. დაფნეს გამოძიების ობიექტებს წარმოადგენდნენ როგორც მალტის მთავრობის წევრები და მათ შორის, პრემიერმინისტრი, ასევე მალტელი ბიზნესმენები, რაც გახდა მიზეზი, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს მისი მკვლელობა შეუკვეთეს − დაფნე საკუთარ ავტომობილშივე დამონტაჟებული ბომბით ააფეთქეს, იგი ადგილზევე გარდაიცვალა. დემოკრატიისა და გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვისთვის ქალი ჟურნალისტის თავგანწირვას მოჰყვა როგორც საპროტესტო გამოსვლები მალტაში, ასევე გამოხმაურებები საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, დაფნეს მიერ დაწყებული გამოძიების 45 ჟურნალისტისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ დასრულება. ჟურნალისტების, მამხილებლებისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლების დამცველებისთვის 2018 წელს დაწესდა ჯილდო, რომელიც დაფნე გალიციას პატივსაცემად მის სახელს ატარებს.

მომხსენებელი: ნესტან ცეცხლაძე − ჟურნალისტი, გამოცემა „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი

მოდერატორი: თედო ფხიკიძე − ილიაუნის სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი

 დეტალური დღის წესრიგი:

  • 18:00  − ღონისძიების (ფილმის  ჩვენების) გახსნა
  • 18:10 − დოკუმენტური ფილმის ჩვენება (30 წთ)
  • 18:40 − დისკუსია

დრო: 27 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2025

 

ბანერები