


კვლევითი პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა
ღონისძიებები
25 აპრილს, 17:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა.
საქართველოში მოდერნიზაციის შესწავლისას ეს კვლევა ყურადღებას ამახვილებს ცარისტული მმართველობის პირობებში განხორციელებულ მოდერნიზაციის იმპერიულ პროექტებსა და მათ გამოძახილზე 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის თუ ადრეულ საბჭოთა პერიოდში. მოდერნიზაციას პროექტი განიხილავს არა როგორც სწორხაზოვან პროცესს, ცალმხრივი ძალაუფლებრივი ურთიერთობებით – სადაც იმპერიის ცენტრი აწესებს გეგმას, რასაც პერიფერია პასიურად ასრულებს – არამედ წარმოაჩენს პროცესის მრავალმხრივობასა და ინტერესთა ჭიდილს, რაც ხშირად მოდერნიზაციასთან იმპერიის ცენტრის მიერ დაკავშირებული განზრახვებისგან განსხვავებულ მოულოდნელ შედეგებსაც იძლეოდა. პროექტის სიახლე მისი ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული საფუძვლების წარმოჩენაცაა. დარგობრივად, მოდერნიზაციის, როგორც პროცესის, მრავალმხრივობისა და მატერიალურობის სათანადოდ მოსახელთებლად, პროექტი არსებითად ინტერდისციპლინური იქნება და გამოიყენებს კულტურის კვლევების, პოლიტეკონომიისა და ისტორიოგრაფიის თეორიულ და მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს.
პროექტს უხელმძღვანელებენ და კოორდინაციას გაუწევენ ლუკა ნახუცრიშვილი და ია ერაძე, ახალგაზრდა მეცნიერთა სტატუსით ჩართული იქნებიან თამარ ქებურია და გიორგი ჯავახიშვილი.
პროექტი 2025 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ჰუმანიტარული მიმართულების ფარგლებში დაფინანსდა.
ღონისძიების მონაწილეები: ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მაისურაძე და პროექტის თანამშრომლები ლუკა ნახუცრიშვილი, ია ერაძე, თამარ ქებურია და გიორგი ჯავახიშვილი
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 25 აპრილი, 17:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2025