


ჟურნალის პრეზენტაცია და დისკუსია „მშვიდობა და ძალადობა რელიგიის სახელით“
დისკუსიები
16 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია „მშვიდობა და ძალადობა რელიგიის სახელით“ და ჟურნალის „მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია.
ჟურნალის გამოცემა შესაძლებელი გახდა სამხრეთ კავკასიაში კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მისი პირველი ნომრების, ასევე დისკუსიის მთავარი თემაა თანამედროვეობის კონტექსტში წავიკითხოთ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, კერძოდ, როგორია თეოლოგიური საფუძვლები ომის, ძალადობის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის შესახებ. მართლმადიდებლობის დოგმატური საფუძვლები საერთოა ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ამის მიუხედავად, ეკლესიები კონკრეტულ ისტორიულ დროსა და საზოგადოებაში განსხვავებულ ღირებულებათა მხარდამჭერები არიან. განსხვავებულია მათი სოციალური და პოლიტიკური როლი კონკრეტულ საზოგადოებაში. ომმა უკრაინაში რელიგიის სახელით ახალი პერსპექტივიდან წარმოაჩინა ძალადობის იდეოლოგიის („რუსული სამყაროს“) დამანგრეველი ძალა. ამასთან მეტი სიმწვავე შესძინა საკითხს, როგორი და რამდენად ძლიერია მართლმადიდებლობის ეთიკური საფუძვლები თანამედროვეობაში? დისკუსიის თემაა, როგორ რელიგიურ დისკურსს ქმნიან ძალადობასა და მშვიდობაზე მართლმადიდებლური ეკლესიები საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში თავიანთი ისტორიული გამოცდილებით და თანამედროვე პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რა გვასწავლა ომმა უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიებისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების თავისებურებებზე და როგორია მისი თეოლოგიური და საზოგადოებრივი განზომილება.
მომხსენებლები:
- ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი
- თორნიკე მეტრეველი, რელიგიის სოციოლოგი, სოციალური მეცნიერების დოქტორი, ლუნდის უნივერსიტეტი. ჰარვარდის უნივერსიტეტის უკრაინის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი. სენტ გალენის უნივერსიტეტის აფილირებული მკვლევარი
მოდერატორი სოფო ზვიადაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
დრო: 16 ივნისი, 17:00 საათი
2022 წელი