ფილოსოფიური სემინარი – მერი ცუცქირიძის მოხსენება „‛აქა დასჭვრიტენ სწავლის მოყვარენო, ვითარ ძნელ არს ფილოსოფოსთა ენანი, არამედ გემოან და საწადელ’: სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია“
ახალი ამბები
28 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი მერი ცუცქირიძე ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „‛აქა დასჭვრიტენ სწავლის მოყვარენო, ვითარ ძნელ არს ფილოსოფოსთა ენანი, არამედ გემოან და საწადელ’: სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია“.
სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ზნეობის „თეორია“ და ზნეობის ქადაგება. მის მიერ შედგენილ „სიტყვის კონად“ წოდებულ „ქართულ ლექსიკონში“ თავმოყრილია ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში შემუშავებული ფილოსოფიური ეთიკის არსებობის გამამართლებელი მეცნიერული სტატუსის მქონე ტერმინოლოგია.
ზნეობის პრობლემები მის მსოფლმხედველობაში განხილულია ადამიანის რაობასთან მიმართებაში. ეს არის ადამიანის გონებისა თუ გრძნობადი უნარების მნიშვნელობის აღიარებისა და ნების თავისუფლების პრობლემა. ადამიანის რაობა დამოკიდებულია თავად ადამიანზე. ამ თავისებურებას ყველაზე კარგად გამოხატავს ზნეობა. მასში ჩანს ადამიანის თავისუფლება, დამოკიდებულება სიკეთესა და ბოროტებასთან.
ზნეობრივ ღირებულებებთან მიმართებაში ყალიბდება ინდივიდისა და ხალხის, საზოგადოების ზნე-ჩვეულებები; სულხან-საბა ორბელიანი იძლევა პასუხებს ამ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ანტიკური, შუა საუკუნეების და ნეოპლატონური ფილოსოფიიდან მიღებული ჭეშმარიტი და დამაჯერებელი ცოდნის საფუძველზე: ჭეშმარიტებაში ყოფნა არის საკუთარ შინაგან ბუნებაში ჩაღრმავება – „იცან თავი შენი“, „განვიცადოთ კაცად-კაცადმან სჳინიდისი თვისი“, „ვიცვალოთ ზნენიცა ჩვეულებათა ჩვენთანი“.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 28 მაისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026