მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილოსოფიური სემინარი – ელენე ლადარიას მოხსენება „ჭეშმარიტების თეორია ამერიკულ პრაგმატიზმსა და ადრეულ საბჭოთა აზრში: ევროპისგან ეპისტემოლოგიური დეკოლონიზაციის ორი პარალელური პროექტი“

ღონისძიებები

4 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ელენე ლადარია ფილოსოფიის სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „ჭეშმარიტების თეორია ამერიკულ პრაგმატიზმსა და ადრეულ საბჭოთა აზრში: ევროპისგან ეპისტემოლოგიური დეკოლონიზაციის ორი პარალელური პროექტი“.

საბჭოთა კავშირში 40-იან წლებში ყალიბდება და მომდევნო ათწლეულებში მყარდება აზრი, რომ პრაგმატიზმი მტრული იდეოლოგიის გამომხატველი, კერძოდ „კაპიტალიზმის იმპერიალისტური ფაზის ანგლოამერიკული ბურჟუაზიული“, ფილოსოფიაა. ცხადია, საბჭოელთა დამოკიდებულება პრაგმატიზმთან კრიტიკულობას მოკლებული არც 20-30-იან წლებში ყოფილა, თუმცა ამ პერიოდში კრიტიკა ნაკლებად სწორხაზოვნად გამოიხატებოდა.

სემინარზე წარმოდგენილი იქნება კვლევითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ადრეული საბჭოთა ტექსტებისა და მათში პრაგმატიზმთან გადაკვეთის ანალიზით აღადგინოს თეორიული დაძაბულობები, რომლებიც ორ პოზიციას შორის განსხვავების ნაცვლად მათ შორის საშიში სიახლოვითაა გამოწვეული.

კლასიკურ ამერიკულ პრაგმატიზმსა და ადრეულ საბჭოთა ფილოსოფიურ თუ სამეცნიერო აზრს შორის ეს სიახლოვე ვლინდება არა მხოლოდ თეორიულ დონეზე (ჭეშმარიტების თეორია, მეტაფიზიკის უარყოფა), არამედ იმაშიც, რომ ორივე განმსჭვალულია, ერთი მხრივ, გეოგრაფიული და ისტორიული თვითრეპრეზენტირების წესით და, მეორე მხრივ, მომავალთან დაკავშირებული პოლიტიკური პროექტებით (დემოკრატია და კომუნიზმი); ნაჩვენები იქნება, რომ ორივე ცდილობს დაფუძნდეს როგორც შედეგი ევროპისგან მოწყვეტისა და ეპისტემოლოგიური კოლონიურობის დაძლევისა, რაზეც პირდაპირ საუბრობენ.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 4 ივნისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები