მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

DAAD Go-East საზაფხულო სკოლები გერმანიის უნივერსიტეტებში აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის კვლევების მიმართულებებზე მოსწავლე მაგისტრანტებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში „კავკასია ინტერდისციპლინურად: მიდგომები, მეთოდები, პარადიგმები” მონაწილეობის მისაღებად.

სკოლა ეწყობა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) Go-East ინიციატივის ფარგლებში ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის (კულტურის დეპარტამენტი) აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

საზაფხულო სკოლა, რომელიც ასეთი სახით პირველად იმართება, მიზნად ისახავს თავი მოუყაროს ქართველ და გერმანელ აკადემიკოსთა/ექსპერტთა და სტუდენტთა იმ მრავალფეროვან სპექტრს, რომლებიც სპეციალიზდებიან და იკვლევენ  კავკასიის კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ სივრცეს სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის პერსპექტივიდან. პროექტის ინტერდისციპლინური მიდგომა  სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო ღრმად გაიაზრონ და გაიფართოონ ცოდნა კავკასიის რეგიონისა და მისი ისტორიის მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ.

სკოლის ფარგლებში გათვალისწინებული დისციპლინები მოიცავს კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევებს, აგრეთვე კინოს, ლიტერატურისა და კულტურის კვლევებს, ისტორიას, სოციოლოგიას, პოლიტიკის მეცნიერებას, ანთროპოლოგიასა და ეკონომიკას.

სკოლის  მონაწილეები მოისმენენ ენის შესავალ კურსს (ქართული ენა დამწყებთათვის), მათთვის გაიმართება ლექციები და დისკუსიები, თემატური ტურები ქალაქში, ექსკურსიები, დაათვალიერებენ მუზეუმებს, დაესწრებიან ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს.

საზაფხულო სკოლის პროგრამა თემატურად დაყოფილია რამდენიმე საკითხად და მოიცავს ისეთ ბლოკებს, როგორებიცაა: „ეროვნული ფორმაციები“, „გეოპოლიტიკა და გეოპოეტიკა“, „რესურსები და ეკოლოგია“, „მედია: ლიტერატურა, კინო და პერფორმანსი“, „იმპერიული დაძაბულობები“ და სხვ.

საზაფხულო სკოლა წარიმართება გერმანულ და ინგლისურ ენებზე.

სკოლის დასრულებისას თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელშიც მითითებული იქნება მონაწილის მიერ სკოლის ფარგლებში შესრულებული სამუშაო 3 კრედიტის მოცულობით  (სასემინარო სწავლებისა და დამოუკიდებელი მუშაობის 90 საათი).

მონაწილეობის საფასური გერმანელი სტუდენტებისთვის შეადგენს 600 ევროს; თვითდაფინანსების შემთხვევაში საერთაშორისო სტუდენტებისთვის – 300 ევროს.

სკოლის მონაწილეები თავად უზრუნველყოფენ საცხოვრებლის მოძიებას თბილისში (AirBnB, Booking.com). საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს მონაწილენი თვითონ ფარავენ. საზაფხულო სკოლა  არ ითვალისწინებს დაზღვევას.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) უზრუნველყოფს 10 მონაწილის ნაწილობრივ დაფინანსებას. ნაწილობრივ სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია უშუალოდ DAAD პორტალზე (დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე). DAAD-ის ნაწილობრივი სტიპენდია მოიცავს ერთჯერად თანხას საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად, მგზავრობის შემწეობასა და მონაწილეობის საფასურში შენატანს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 14 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ აპლიკაციისთვის საჭირო შემდეგი დოკუმენტები:

  • რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი;
  • ნიშნების ფურცელი;
  • უნივერსიტეტის პროფესორის მოკლე სარეკომენდაციო წერილი.

კანდიდატებს შეარჩევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებისგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისია. მისი გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე.

განაცხადები შეგიძლიათ გაუგზავნოთ თამარ ქებურიას მისამართზე: tamar.keburia.1@iliauni.edu.ge

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://soccult.iliauni.edu.ge/?p=3022&lang=en 

ადგილი: თბილისი, საქართველო

ხანგრძლივობა: 2024 წლის 16 სექტემბრიდან 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით

სამიზნე ჯგუფი: გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში ჩართული არიან აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის კვლევებში

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 14 ივნისი

2024

ბანერები