ბერკლის სამუსიკო კოლეჯის პროფესორ დევიდ ფიუზინსკის ლექცია
ღონისძიებები
12 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დევიდ ფიუზინსკის, ცნობილი ამერიკელი ჯაზ-გიტარისტის, მკვლევრის, კომპოზიტორისა და ბერკლის სამუსიკო კოლეჯის პროფესორის ლექცია თემაზე „მიკროტონალური ანალიზი ნოტაციაში, იმპროვიზაციასა და კომპოზიციაში“.
მომხსენებლის შესახებ:
„ჯაზმუსიკოსი, რომელსაც არ სურს მხოლოდ ჯაზის შესრულება“, – ასე აღწერს საკუთარ თავს მუსიკოსი. შესაბამისად, დევიდ ფიუზინსკის შემოქმედება განსაკუთრებით მულტიჟანრულია და მასში სინთეზირებულია ჯაზის, ფანკის, ფიუჟენის, მიკროტონალური, არაევროპული, ელექტროაკუსტიკური მუსიკის რიტმულ-ინტონაციური ელემენტები. მას ჩაწერილი აქვს 95-ზე მეტი მუსიკალური ალბომი.
დევიდ ფიუზინსკიმ 2012 წელს Berklee College of Music-ში დააფუძნა ''Planet MicroJam Institute“, რომელიც მიკროტონალური აკუსტიკური სისტემის დასავლეთევროპულ მუსიკაში, ჯაზში, ეთნიკურ ფოლკლორულ მუსიკასა და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებას იკვლევს.
ვრცლად ''Planet MicroJam Institute“-ის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3N0JmfL
2009 წლიდან დღემდე მუსიკოსი მასაჩუსეტსის ხელოვნების საბჭოს წევრია. ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2011 წელს გადაეცა „Guggenheim Fellow“ პრემია. დევიდ ფიუზინსკისათვის თბილისში ეს მეორე საკონცერტო ვიზიტია. ქართველი მსმენელის წინაშე ის პირველად 2014 წელს თბილისის ჯაზ-ფესტივალის სცენაზე წარდგა. ამჯერად მუსიკოსის საქართველოს Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორის, პიანისტ გიორგი მიქაძის საავტორო პროექტის ''Georgian MicrojamZ - M F TroniX'' ფარგლებში ეწვია.
პროექტის მიზანია ორი მეგობარი ქვეყნის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 30-წლიანი შემოქმედებითი პარტნიორობის გაღრმავება; კულტურული კონტაქტების გაძლიერება, ხელოვანთა შორის პროფესიული კავშირების დამყარება, ამერიკელი და ქართველი ჯაზმუსიკოსების შემოქმედებითი დიალოგი და თანამშრომლობა; აშშ-ში მოღვაწე წარმატებული ქართველი და ამერიკელი მუსიკოსის შემოქმედების, თანამედროვე მუსიკის ყველაზე პრესტიჟული Berklee College of Music-ის საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული და თეორიული გაცნობა ქართველი სახელოვნებო და საგანმანათლებლოს სფეროს წარმომადგენლებისთვის.
გიორგი მიქაძის პროექტის ''Georgian MicrojamZ - M F TroniX'' წარმდგენია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. პროექტის მხარდამჭერია ქ. თბილისის მერია. ორგანიზატორი – „ქართული სახელოვნებო სააგენტო“. პარტნიორია „რესპუბლიკა“.
დრო: 12 მაისი, 13:00 საათი
ღონისძიება გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. ილიაუნისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდებზე უზრუნველყოფილი იქნება ფეისბუქლაივი.
2022 წელი