ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მიღება 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე: ისტორია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამაზე: „ისტორია“- 1 ვაკანტური ადგილი.


პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2026 წლის 24 მარტიდან 5 აპრილის 18:00 საათამდე თითოეული პროგრამის მოთხოვნილი დოკუმენტები (PDF ფორმატი) ელექტრონულად უნდა ატვირთონ სარეგისტრაციო ბმულზე.

დოკუმენტაციის მიღება დადასტურდება რეგისტრაციის დასრულებისთანავე.

რეგისტრაციისას დაგჭირდებათ:

  1. სარეგისტრაციო ფორმა (დანართი 2-სადოქტორო მიღების დანართები)
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან), ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის. (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
  4. ავტობიოგრაფია (CV);
  5.  3X4–ზე ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია;
  6.  კანდიდატის მიერ შევსებული და მისი პოტენციური ხელმძღვანელის ხელმოწერილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი და სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა-(დანართი 2-სადოქტორო მიღების დანართები)

რომელიც პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი;

მნიშვნელოვანია:  რეგისტრაციისათვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ.

მნიშვნელოვანია,დოქტორანტის პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელი (ს)

არ უნდა ჰყავდეს 3 ან 3-ზე მეტი აქტიური დოქტორანტი.

  • აქვს შესაბამის სფეროში აკადემიური ხარისხი
  • არის უახლესი ცოდნით აღჭურვილი, აქვს დოქტორანტის საკვლევი სფეროს შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება, აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კვლევებში და ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სულ მცირე 1 სამეცნიერო ნაშრომი უცხოურ თემატურ საერთაშორისო ინდექსის მქონე რეფერირებად (peer-reviewed) ჟურანალში, რომელიც აღიარებულ საერთაშორისო ნუსხებშია შესული (Clarivate Analytics (ყოფილი Thomson Reuters) Master Journal List, Scopus, Ulrich’s Index, ERIH PLUS, EBSCOHost, Latindex Catalogue) და რომელიც შეესაბამება დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის ზოგად თემატიკას/მიმართულებას;

*სადოქტორო პროგრამაზე კანდიდატის ჩარიცხვის შემთხვევაში, ხელმძღვანელს, თანახელმძღვანელს (არსებობის შემთხვევაში), დოქტორანტსა და უნივერსიტეტს შორისფორმდება სამმხრივი შეთანხმება, რომელშიც განსაზღვრულია თითოეული მხარის უფლება- მოვალეობები.

  1. კვლევითი უნარების დადასტურების მიზნით: შესაბამის სფეროში წინარენაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. კონკრეტული მოთხოვნები განსაზღვრულია თითოეული პროგრამის მიღების წინაპირობებში; (იტვირთება ჩამონათვალი PDF ფაილად)
  2. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  3. სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული უცხოური ენ(ებ)ის შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის მოთხოვნები განსაზღვრულია პროგრამის მიღების დოკუმენტში;

ა) თუ აპლიკანტი ძირითად ენად ირჩევს ინგლისურს და არ გადის ინგლისური ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი - Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე, ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.


მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა ენებში ჩაუტარდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 6 აპრილს, 18:00 საათზე.

ინფორმაცია საგამოცდო აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2026 წლის 3 აპრილს.

ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 50%. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის ნიმუში იხილეთ აქ.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდით გამოქვეყნდება 2026 წლის 8 აპრილს არაუგვიანეს, 18:00სთ-ისა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში

„სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 14 აპრილის 18:00სთ-დან- 16 აპრილის 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 17 აპრილს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.


მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია.

სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2026 წლის 27 აპრილს  უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 27 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 7 მაისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.

მნიშვნელოვანია! პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდები დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 11 და 13 მაისს.

 ინფორმაცია გამოცდის ზუსტი დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ არაუგვიანეს 8 მაისისა.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 14  მაისს  უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 14 მაისიდან-18 მაისის ჩათვლით პერიოდში უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირ გამოცდაზე წარდგნენ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზეპირი სააპელაციო გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 20 ან/და 21 მაისს. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2026 წლის 15 მაისს

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2026 წლის  22 მაისს  უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


ხელშეკრულების გაფორმება

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 25, 27 მაისს A 303 ოთახში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში, პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის); 

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

გიორგი ოდოშაშვილი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერი
ელფოსტა: giorgi.odoshashvili@iliauni.edu.ge

 

ბანერები