ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

იწყება რეგისტრაცია სასერტიფიკატო კურსზე „როგორ ვასწავლოთ აკადემიური წერა“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მსმენელთა რეგისტრაციას სასერტიფიკატო ონლაინკურსზე „როგორ ვასწავლოთ აკადემიური წერა“.

კურსი გულისხმობს აკადემიური წერის საკითხებთან დაკავშირებული თემატიკის დამუშავებას, რომლის საკვანძო საკითხებია: სწავლების თანამედროვე მეთოდები; საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა, მართვა და სტუდენტთა შეფასება-უკუკავშირი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის ზოგადი მახასიათებლები; სტილის განსაზღვრის ტექნიკები; აკადემიური ნაშრომის სტრუქტურა; აკადემიური ნაშრომის ძირითადი ნაწილების აგება; პლაგიატი და მისგან თავდაცვის ეფექტური მექანიზმები; წყაროს ძიების, სანდოობის განსაზღვრისა და დამუშავების ტექნიკები; წყაროს დამოწმების ორი ფორმატი; აკადემიური პრეზენტაციის მომზადებისა და წარმართვის ტექნიკები; ციტირება, პარაფრაზირება, რეზიუმირება და სხვ. ეს თემები კურსზე დამუშავდება ილიაუნიში სწავლების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე აკადემიური წერის ცენტრის პროფესიონალ ტრენერებთან ერთად.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს აკადემიური წერის საკითხებში ცოდნის გაღრმავება, ამ ცოდნის სტუდენტებისთვის გადაცემის თანამედროვე მეთოდების გააზრება და პრაქტიკული გამოყენება.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ აკადემიური წერის ცენტრი კანდიდატს შესთავაზებს სტაჟირების (სტაჟირების ხელმძღვანელთან მუშაობის პირობებში) ან პრაქტიკის (მენტორთან მუშაობის პირობებში) სასწავლო პროცესში ჩართვის (ერთი სემესტრის განმავლობაში) შესაძლებლობას. სტაჟირების/პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში და ხელმძღვანელის ანგარიშის საფუძველზე შესაძლებელია კანდიდატის დასაქმება აკადემიური წერის ცენტრში მოწვეული მასწავლებლის პოზიციაზე.

წარმოდგენილი სასერტიფიკატო კურსი, რომელიც მოიცავს ექვს კვირას, ჩატარდება დისტანციურად ელექტრონული პლატფორმის Zoom-ის გამოყენებით.

კურსის სტრუქტურა და პირობები:

  • კვირაში დაგეგმილია ორი სესია (თითოეული 2-საათიანი);
  • კურსი მსმენელს სთავაზობს 12 სესიას, რომელთაგან ბოლო, მეთერთმეტე ან მეთორმეტე, იქნება სიმულაციური (საჩვენებელი) გაკვეთილის ჩატარება;
  • სერტიფიკატს მსმენელი მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაესწრება 10-დან სულ მცირე 8 სესიას, შეასრულებს 10-დან სულ მცირე 8 საკლასო და საშინაო დავალებას, ხოლო სიმულაციური გაკვეთილის ჩატარების შედეგად (მე-11 ან მე-12 სესიაზე) გადალახავს შეფასების ქვედა ზღვარს.

კურსზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია:

ა) კანდიდატი იყოს მაგისტრატურის მეორე წლის სტუდენტი მაინც;
ბ) კანდიდატმა შეავსოს სარეგისტრაციო ელფორმა შემდეგ ბმულზე - https://forms.gle/ae1M3qbPmDKeRQzZ8

პროცედურული და კურსთან დაკავშირებული დეტალები:

  • კურსზე რეგისტრაცია დასრულდება 2023 წლის 2 დეკემბერს.
  • მიღებულ განაცხადებს დაამუშავებს პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი და შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება შემდგომი ნაბიჯების დასაზუსტებლად.
  • ჯგუფის შესაქმნელად საჭიროა სულ მცირე 6 მსმენელი.
  • მეცადინეობა დაიწყება 6 დეკემბერს.
  • კურსს უხელმძღვანელებს აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებელი ნინო გალდავაძე.
  • სრული კურსის საფასური: 720 ლარი
2023
ბანერები