ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

სამართლის სკოლის ესეების სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

კონკურსები

5 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.   

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ირაკლი ფორჩხიძემ კონკურსის გამარჯვებულები დისტანციურად გამოავლინა.

„კონკურსის მიზანი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაცია იყო და ეს მიზანი სრულყოფილად შესრულდა. შეფასებისას მთავარი აქცენტი მსჯელობის უნარზე გაკეთდა – რამდენად კარგად იყო თემაში მიმოხილული ქვეყანაში არსებული პრობლემები, როგორ ხედავენ მოსწავლეები უფლებების შეზღუდვას და რამდენად არგუმენტირებულად ასაბუთებენ საკუთარ აზრს, ასევე რამდენად გამართულად აყალიბებენ ისინი სათქმელს, რამდენად კარგად იყენებენ სტატისტიკურ მონაცემებს და  ორიგინალურად გადმოსცემენ შინაარსს. ესეებში ძირითადად ხაზი გაესვა განათლების მიღებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და უფლებების შეზღუდვას, თუმცა, ამასთან იყო დაკავშირებული ის უსამართლო და უთანასწორო სოციალური მდგომარეობაც, რომელიც  ჩვენ ირგვლივ არსებობს,“ – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ირაკლი ფორჩხიძემ.

გამარჯვებულებმა უნივერსიტეტისგან სამართლის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად სხვადასხვა ოდენობის დაფინანსება მოიპოვეს.

კონკურსში პირველი ადგილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის თემის N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, თამარ აქუბარდიამ დაიკავა. თამარის სოფელი კონფლიქტის ზონაში, გამყოფი ხაზის პირას, მდებარეობს და ის ამბობს, რომ სწორედ ამიტომ მისთვის კონკურსში მონაწილეობასაც და გამარჯვებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ჩემი ესეს სათაური იყო „50 400“. ეს იმ ბავშვების რაოდენობაა, რომელთაც, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში განათლების უფლება დაერღვათ. თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკაა და რეალურად ამ რიცხვების მიღმა უამრავი ჩემი მსგავსი ადამიანია. ბავშვები, რომლებსაც სწავლა უნდათ, მაგრამ ასეთ რთულ მდგომარეობაში ძალიან მოულოდნელად და მოუმზადებლები აღმოჩნდნენ. მთელი ჩემი ესე ამას ეძღვნებოდა. ეს პლატფორმა გამოვიყენე, რათა მესაუბრა არა მხოლოდ ჩემი და ჩემი მეგობრების, არამედ ამ 50 400 ბავშვის სახელით, რომელთაც განათლების უფლება შეეზღუდათ.

სოფლად, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან, მცხოვრები მოსწავლეების გამოწვევები კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო მძიმეა. ჩვენთვის ბევრად რთულია, თუნდაც სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, აზრის გამოხატვა. მგონია, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვების პრობლემები ნაკლებად ისმის,“ – ამბობს პირველადგილოსანი თამარ აქუბარდია.

მეორე ადგილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე მარიამ ბალახაძე გავიდა, რომელმაც კონკურსში მონაწილეობა იმის გამო გადაწყვიტა, რომ სამართლის სპეციალობითაა დაინტერესებული. სამომავლო პროფესიადაც სწორედ სამართალს განიხილავს. ამბობს, რომ მეორე ადგილზე გასვლას არ ელოდა და ეს მისთვის  სიურპრიზი იყო.

„ესეში ჩემი  აზრი და დამოკიდებულება გადმოვეცი, თუ რა დაბრკოლებებს წავაწყდი და როგორ გადავლახე ისინი. ვისაუბრე იმაზე, რაც ყველას აწუხებს – ხარვეზები საგაკვეთილო პროცესში ჩართვების დროს. მე სოფელში ვცხოვრობ, სადაც ინტერნეტი არ არის. ამიტომ ჩვენი გაკვეთილებზე ჩართვა მუდმივი პრობლემა იყო. ვიცი, რომ საქართველოში ბევრი სოფელია ასეთი და მათი სახელითაც ვისაუბრე. ყურადღება ასევე გავამახვილე ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე, რომელთაც, შესაძლოა, სახლში არ აქვთ ისეთი პირობები, რომ საგაკვეთილო პროცესში სრულყოფილად ჩაერთონ. მათთვის სახლში დარჩენა ორმაგი სტრესია“, –- აღნიშნა მარიამმა.

მესამე ადგილის მფლობელი კი გვანცა ფირცხალავაა, თბილისის 67-ე სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, რომელსაც ილიაუნისთან საკუთარი მომავლის დაკავშირება მანამდეც გადაწყვეტილი ჰქონდა. კონკურსში გამარჯვებამ კი იგი საკუთარ შესაძლებლობებში  უფრო მეტად დაარწმუნა და ახლა სჯერა, რომ უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით მომავალში ბევრად მეტს მიაღწევს.

„ეს კონკურსი ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო ყოველდღიურ დამღლელ რუტინაში. მიმაჩნია, რომ განათლება საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა არა მხოლოდ პანდემიის დროს, არამედ ზოგადად. ესეზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. მეტი რამ გავიგე ჩვენი უფლებების შესახებ, კონკრეტულად განათლების უფლებაზე და იმაზე, თუ რა შეზღუდა პანდემიამ. წერისას უამრავი ინფორმაცია მოვიძიე სხვადასხვა საკითხზე და ბევრი რამ ჩემთვის აღმოჩენა იყო“, – გვითხრა გვანცამ.

კონკურსის შესახებ

ესეების კონკურსი თემაზე „რა გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ შენს უფლებებზე?” 2020 წლის 10 დეკემბერს გამოცხადდა და ნამუშევრების წარდგენა თვის ბოლომდე იყო შესაძლებელი. მასში მონაწილეობდნენ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების X-XII კლასის მოსწავლეები. კონკურსით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა. მათ მიერ წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრები იმდენად მაღალპროფესიულ დონეზე იყო შესრულებული, რომ გამარჯვებულების გამოვლენა ჟიურის წევრებს საკმაოდ გაუჭირდათ.   

კონკურსის დაჯილდოება დისტანციურ ფორმატში 5 თებერვალს გაიმართა და მისი გამარჯვებულები გახდნენ:

  • I ადგილი – წალენჯიხის მუნიციპალტეტის ჭალის თემის №1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამარ აქუბარდია;
  • II ადგილი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის სსიპ გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძრისის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ ბალახაძე;
  • III ადგილი – ქალაქ თბილისის №67 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე გვანცა ფირცხალავა.
 

 

ბანერები