ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი - 2015

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის  გამოსავლენად. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით - 10 000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოებები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2014 – 2015 წლებში.  შესაძლებელია ერთი ავტორის რამდენიმე რომანის წარდგენა.

ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ისტორია 

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს უკვე ექვსწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისათვის საქართველოში და დაარსა პრემია საუკეთესო რომანისათვის.

პრემია 2014 წლამდე ხუთ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრიზი აიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“), ხოლო 2011 წელს - ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა, ხოლო 2013 წელს პრემია აიღეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“). 

2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ პრემია გაცემულიყო უცხოენოვანი რომანის საუკეთესო თარგმანისათვის. გამარჯვებული შეირჩა  2010-2014 წლებში გამოცემული თარგმანებიდან და დაჯილდოვდა ზაზა ჭილაძე  უილიამ ფოლკნერის რომანის „დროშები მტვერში“ თარგმანისთვის.

წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის პირობები: 

  1. რომანი პირველად გამოქვეყნებული უნდა იყოს 2014-იდან 2015 წლის ჩათვლით; 
  2. წიგნი უნდა წარადგინოს ან გამომცემლობამ, ან - ავტორმა. ჯილდო გადაეცემა ავტორს;
  3. განაცხადის შემოტანა შეიძლება 2016  წლის 5 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი). განაცხადს თან უნდა ერთვოდეს წიგნის 3 ეგზემპლარი;
  4. გამარჯვებული გამოცხადდება 2016  წლის მაისში; 
  5. გამარჯვებულს გადაეცემა ილიაუნის პრემია, რომლის ოდენობაც 10 000 ლარს შეადგენს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს.

ბანერები