ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო კურსი: აკადემიური წერის გამოცდილება დისტანციურ ფორმატში

კონკურსები

ღონისძიება ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის მიერ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრთან და გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიასთან (IWLUGOE) თანამშრომლობით.

აკადემიური წერის დარგში თანამშრომლობით პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. სამუშაო ენაა ინგლისური. კონკურსში მონაწილეობისთვის განიხილებიან მხოლოდ ის პირები, ვისაც ინგლისურ ენაში აქვს მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის გაერთიანებული საერთაშორისო აუდიტორია: აკადემიურ წერაში პარტნიორობის საერთაშორისო გამოცდილება

რას გულისხმობს აკადემიურ წერაში პარტნიორობა?

ერთი სემესტრის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, განსხვავებული კულტურული გამოცდილების მქონე და და სხვადასხვა დისციპლინის შემსწავლელი 2-4 სტუდენტი ერთობლივად მუშაობს ჯგუფის მიერვე შერჩეულ აკადემიური წერის პროექტზე. დასაშვებია მუშაობა როგორც აკადემიურ ესეიზე, ისე სხვადასხვა ჟანრის ტექსტებზე, მაგალითად ანგარიშზე ან აკადემიურ ბლოგზე. 2021 წლის ზაფხულის სემესტრში დაგეგმილია გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტისა (გერმანია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) სტუდენტების ერთობლივი მუშაობა დისტანციური თანამშრომლობითი ინტერკულტურული სასწავლო (Collaborative Online Intercultural Leaning/ COIL) აქტივობის ფარგლებში.

რას ისწავლით?

თქვენს პარტნიორებთან ერთად გაეცნობით აკადემიური წერის სასარგებლო ტექნიკებს. საერთო წერით პროექტზე მუშაობა საშუალებას მოგცემთ მეტი შეიტყოთ სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე, ტექსტის აგებაზე, სტილზე, ლიტერატურის მითითებასა და პარაფრაზირებაზე. წერის პროცესის ყველა ეტაპზე დაგეხმარებიან ტუტორები.

ასევე გაიცნობთ განსხვავებული კულტურის წარმომადგენელ სტუდენტებს, რომლებთან ერთად მუშაობის დროსაც შეძლებთ რეფლექსირებას თქვენს საკუთარ გამოცდილებაზე. ეს დაგეხმარებათ კულტურათშორისი უნარ-ჩვევების განვითარებაში.

ამასთანავე, უფრო ღრმად გაიაზრებთ სხვა ქვეყნებისა და კულტურების წერითი ტრადიციებს. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ეს აქტივობა საკუთარ წერის პროცესზე რეფლექსირებასა და მის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატს, რომელშიც მითითებული იქნება თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო და გამომუშავებული უნარები.

როგორ დაიწყებთ მუშაობას?

პირველი ორი დისტანციური სამუშაო შეხვედრა, რომლებიც 2021 წლის აპრილში ჩატარდება, ერთმანეთის გაცნობაში, პარტნიორების არჩევასა და ტექსტის თემის შერჩევაში დაგეხმარებათ. ამ სემესტრის ზოგადი თემაა: ,,ცხოვრება ახალი კორონავირუსის შემდგომ სამყაროში: საით მივდივართ?“, მაგრამ შეგიძლიათ სხვა თემებიც აირჩიოთ. სამუშაო შეხვედრებზე მიიღებთ ცოდნას წერის პროცესის, მისი ორგანიზებისა და პროცესზე რეფლექსირების შესახებ.

როგორ განაგრძობთ მუშაობას?

საწყისი შეხვედრების შემდეგ, წერითი პროექტის დასასრულებლად ორთვიანი პერიოდი გაქვთ. ამ დროის განმავლობაში მოსაზრებებს გაუზიარებთ პარტნიორებს და მიიღებთ უკუკავშირს მათგან.  უკუკავშირს წინასწარ ჩანიშნული დისტანციური შეხვედრების დროს ასევე მიიღებთ ტუტორებისგან.

როგორია მუშაობის გრაფიკი?

10-15 აპრილი: წინასწარ მუშაობა ინდივიდუალურ დავალებებზე

17 აპრილი, 13.00-17.00: პირველი, საწყისი სამუშაო შეხვედრა

18-22 აპრილი: წერითი პროექტის პირველ ვარიანტზე მუშაობა

24 აპრილი, 13.00-17.00: მეორე საწყისი შეხვედრა

25 აპრილი-18 ივნისი: თანამშრომლობითი მუშაობა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებში; ორ კვირაში ერთხელ რეგულარული დისტანციური შეხვედრები ტუტორებთან.

19 ივნისი, 13.00 – 17.00: დამასრულებელი დისტანციური სამუშაო შეხვედრა

რა მოეთხოვებათ მონაწილეებს?

როგორც პროექტის მონაწილეს, მოგეთხოვებათ:

ა) დავალების მომზადება პირველ საწყის შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე;

ბ) მინიმუმ სამ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა;

გ) სემესტრის განმავლობაში თქვენს ჯგუფთან მუშაობა (ჯგუფთან და ტუტორთან ორ კვირაში ერთხელ შეხვედრა), წერითი პროექტის (წინასწარი) ვარიანტების რეგულარულად წარდგენა.

როგორ მივიღო მონაწილეობა?

დაინტერესების შემთხვევაში, გადადით ამ ბმულზე და დარეგისტრირდით   2021 წლის 10 აპრილამდე. ამის შემდეგ მიიღებთ დამატებით ინსტრუქციებსა და პირველ დავალებას.

ინფორმაცია ინსტრუქტორების/ტუტორების შესახებ, რომლებიც გაუძღვებიან კურსს:

დოქტ. ელა გრისჰამერი  2008 წლიდან ასწავლის აკადემიურ წერას. ამჟამად იგი გოტინგენის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიას (International Writing Lab) ხელმძღვანელობს.

დოქტ. მელანი ბრინკშულტე 2001 წლიდან ასწავლის აკადემიურ წერასა და გამოყენებით ლინგვისტიკას. იგი გოტინგენტის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიაში ძირითადი კომპეტენციებისა და კულტურათშორისი ინტერაქციის მიმართულებას, კულტურათშორის სწავლებასა და გერმანულის, როგორც უცხო/მეორე ენის დეპარტამენტს უძღვება.

ანეტ მუდო (M.A.) გოტინგენის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიის მასწავლებელი და კონსულტანტია. 2012 წლიდან ერთობლივი აკადემიური წერის დარგში  იგი შერეული სწავლისა და სწავლის მართვის სისტემებს  (LMS) იყენებს.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, მიიღოთ კულტურათშორისი გამოცდილება, რომელსაც  აკადემიური წერის დარგში პარტნიორობის პროექტი გთავაზობთ!

 
 
 
ბანერები