ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვებინარი „საზოგადოებრივი აზრის კვლევები ომის დროს“

ღონისძიებები

15 ივნისს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე ინფოსაპიენსის დირექტორის მოადგილე ინა ვოლოსევიჩი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის უკრაინის ოფისის დირექტორი მაიკლ დრუკმანი გამართავენ ვებინარს „საზოგადოებრივი აზრის კვლევები ომის დროს“.

რუსეთის ომი უკრაინაში საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და საერთაშორისო პოლიტიკის დემოკრატიულ პრინციპებს უგულებელყოფს. საომარ ვითარებაში პოლიტიკური და სოციალური პროცესები ფუნდამენტურად იცვლება. ასეთ დროს მოსახლეობის დამოკიდებულების გაგება და იმ გამოწვევებზე მსჯელობა, რომლებსაც მკვლევრები ომის მიმდინარეობის პროცესში საზოგადოებრივი აზრის კვლევების განხორციელებისას აწყდებიან, თანაბრად მნიშვნელოვანია. მარტსა და აპრილში უკრაინის წამყვანმა კვლევითმა ორგანიზაციებმა – ინფოსაპიენსმა და რეიტინგჯგუფმა ჩაატარეს საზოგადოებრივი აზრის კვლევები პოლიტიკურად და სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე. მაგალითად, ინფოსაპიენსმა გამოიკვლია, რამდენად მედეგი არიან უკრაინელები რუსეთის სამხედრო აგრესიის მიმართ, აგრეთვე, რამდენად არ ეთანხმებიან რუსეთის მიერ უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას. რეიტინგჯგუფმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რვა გამოკითხვა ჩაატარა ომთან დაკავშირებულ თემებზე, მათ შორის ომის ფსიქოლოგიურ მარკერებზე, უკრაინელების ომის პირობებთან ადაპტაციაზე, უკრაინის ზოგადი ვითარების შეფასებაზე, უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერასა და რუს და ბელორუს მოქალაქეთა ბრალეულობაზე უკრაინის წინააღმდეგ ომში. აღიარებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, უკრაინაში გამოაქვეყნა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეები მხარს უჭერენ უკრაინის პრეზიდენტს, სჯერათ, რომ ომში გაიმარჯვებენ და მათ სურთ და მზად არიან, გახდნენ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

ინფოსაპიენსის დირექტორის მოადგილე ინა ვოლოსევიჩი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის უკრაინის ოფისის დირექტორი მაიკლ დრუკმანი განიხილავენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების სოციოლოგიურ და მეთოდოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს. ამასთან მოახდენენ კვლევების შედეგების ინტერპრეტაციას გამოკითხულთა დამოკიდებულების კონტექსტუალიზაციის მიზნით.

ინფოსაპიენსის დირექტორის მოადგილე ინა ვოლოსევიჩი განიხილავს თემას: „რას გვეუბნება საზოგადოებრივი აზრის კვლევები მოსახლეობის დამოკიდებულებაზე ომის ვითარებაში: უკრაინისა და რუსეთის შედარებითი ანალიზი“.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის უკრაინის ოფისის დირექტორი მაიკლ დრუკმანი კი – ისაუბრებს თემაზე: „უკრაინის მოქალაქეთა სენტიმენტები საშინაო პოლიტიკაზე, საერთაშორისო მხარდაჭერასა და გეოპოლიტიკურ პროექციებზე.“

მოდერატორი: პროფესორი, დოქტორი ზარინა ბურკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის გენერალური მდივანი

დრო: 15 ივნისი, ოთხშაბათი, 14:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

ვებინარი გადაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდიდან.

თითოეული მომხსენებლისთვის სასაუბროდ გამოყოფილია 20 წუთი, კითხვა-პასუხისთვის – 10 წუთი.

მომხსენებელთა მოკლე ბიოგრაფიები

2022 წელი

ბანერები