ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

ღონისძიებები

13 დეკემბერს, 18:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ორ ანგარიშს.
მკვლევარი ლუკა მეგრელიძე წაიკითხავს მოხსენებას: „ნეიტრინოს მასათა გენერაცია“.

სტანდარტული მოდელი წარმოადგენს XX საუკუნის მეცნიერებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას. იგი ფაქიზად არის შემოწმებული არაერთი ექსპერიმენტით, მაგრამ არსებობს მრავალი ღია საკითხი, რომელთაც ის უპასუხოდ ტოვებს. მათ შორის არის ნეიტრინის მასათა წარმოქმნის პრობლემა. სტანდარტული მოდელის მიხედვით აღნიშნული ნაწილაკი უმასოა, თუმცა არაერთი ექსპერიმენტული მონაცემის მიხედვით მას აქვს მცირე, მაგრამ არანულოვანი მასა. არსებობს სხვადასხვა თეორიული მექანიზმი, რომ ავხსნათ მასათა წარმოშობა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, საჭირო ხდება გავაფართოვოთ სტანდარტული მოდელი. წარმოდგენილი იქნება ჩვენ მიერ განხილული ახალი მექანიზმები ამ პრობლემის გადასაჭრელად.

ასისტენტ-მკვლევარი ნათია კევლიშვილი წარდგება მოხსენებით:„გამორჩეული ნეიტრონული ვარსკვლავების რენტგენულ-სპექტრული ანალიზი“.

პულსარები ძლიერად დამაგნიტებული, სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავებია, რომლებიც კოსმოსურ ობიექტთა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კლასს წარმოადგენენ. ჩემი კვლევის მიზანი პულსართა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჯგუფის – XDINS – “X-ray Dim Isolated Neutron Stars” – შესწავლაა. დღეისათვის მხოლოდ ცხრა ასეთი ობიექტია აღმოჩენილი. ამათგან 2 – სულ ახლახან. უკანასკნელ დროს მიღებული უახლესი მონაცემების გათვალისწინებით განვახორციელე ამ კლასის ცხრავე ობიექტის რენტგენულ-სპექტრული ანალიზი. აქამდე მყარად მიღებული ჰიპოთეზა XDINS პულსარების გამოსხივების წმინდა სითბური ბუნების შესახებ ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ეჭვქვეშ დგება, ირკვევა, რომ ეს 9 ობიექტი სულ მცირე 3 კლასად უნდა დაიყოს. თანაავტორებთან ერთად ვსწავლობ აგრეთვე უნიკალურ ექსტრაგალაქტიკურ ობიექტს, ე.წ. „მაგელანის პულსარს“.

დრო: 13 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5

დასწრება თავისუფალია.

ბანერები