ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თამარ ყაჭაშვილის საჯარო ლექცია: როგორ შევქმნათ წარმატებული კომპანია

ღონისძიებები

8 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, კომპანია „კავკასიის გენეტიკის“ დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ ყაჭაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ შევქმნათ წარმატებული კომპანია“. ქალბატონი თამარი სტუდენტებს გააცნობს მრავალწლიან გამოცდილებას მეწარმეობის სფეროში, როგორ დაიწყო 2006 წელს მცირე ბიზნესი და როგორ გახდა ქვეყნის უმთავრესი მიმწოდებელი თავის სფეროში. თამარი ორი სხვა პროფილის კომპანიის დამფუძნებელიცაა. ესენია: FIDA Georgia (აგროტურიზმის მიმართულებით) და Women for Tomorrow (ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით). მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარებით, ის დაეხმარება სტუდენტებს მომავალი საქმიანობის სწორად და ეფექტიანად დაგეგმვაში.

მომხსენებლის შესახებ

თამარ ყაჭაშვილი არის ეკონომიკური გეოგრაფიის მაგისტრი, აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი აგრარულ სფეროში მუშაობის 15-წლიანი, ხოლო ბიზნესის მართვის სფეროში 10-წლიანი გამოცდილებით; ასევე - ბიზნეს, კარიერული და პერსონალური განვითარების კონსულტანტი და ქოუჩი პედაგოგიური მუშაობის 8-წლიანი გამოცდილებით. მის მიერ დაფუძნებულ კომპაიაში „კავკასიის გენეტიკა“ (თამარ ყაჭაშვილი კომპანიის დირექტორია), გაერთიანებული არიან მეცხოველეობის და რძის სექტორის ექსპერტები, სელექციონერები და ხელოვნური განაყოფილების სპეციალისტები. „კავკასიის გენეტიკამ“ 2006 წელს დაიწყო საქმიანობა პატარა კომპანიის სახით, რომელიც ემსახურებოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს, დღეს კი წარმოადგენს ქვეყნის უმთავრეს მიმწოდებელს მეცხოველეობის, რძის წარმოება-გადამუშავების, სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. სწორედ „კავკასიის გენეტიკის“ სახელს უკავშირდება მეცხოველეობის მიმართულებით საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა.

2014 წელს თამარმა დაარსა აგროტურისტული კომპანია „FIDA Georgia“, რომელიც საქართველოს ისტორიისა და აგრარული კულტურის გაცნობის მიზნით მოიზიდავს ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს და დაინტეტესებულ პირებს. ამ კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს აგროტურები, ყველის და ღვინის ტურები, ასევე შემეცნებითი საგანმანათლებლო ტურები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მეცხოველეობასა და რძის წარმოებაში.

თამარ ყაჭაშვილი აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. მან 2014 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ქალთა ბიზნესასოციაცია ,,ქალები მომავლისთვის“ (Woman for Tomorrow), რომლის მიზანია ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესებში.

დრო: 8 აპრილი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა:

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები