ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ლუკა ნახუცრიშვილი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „მიუსტერის კომუნა როგორც „ისტორიის გაკვეთილი“: კრიტიკული რეფლექსია ისტორიის რეცეფციის საკითხზე“.

მოხსენება ლაიტმოტივად აიღებს 1530-იან წლებში მიუნსტერში ანაბაპტისტების მიერ დამყარებული კომუნისტური სამეფოს ისტორიული ეპიზოდის რეცეფციას კულტურის სხვადასხვა დარგში და წამოჭრის შემდეგ საკითხებს:

– რატომ ენიჭებოდათ მიუნსტერის ანაბაპტისტთა მსგავს „თანამედროვე სოციალიზმის წინამორბედ“ (კარლ კაუცკი) სოციალურ რევოლუციურ მოძრაობებს უტოპიურის სტატუსი როგორც რეაქციონერთა, ისე XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის სოციალ-დემოკრატიულ, მათ შორის, ქართველ მენშევიკთა, ისტორიის ფილოსოფიურ წარმოსახვაში?

– როგორ მოხდა, რომ XX საუკუნის ბოლოს თვით რეფორმისტული ქართული სოციალ-დემოკრატიაც უტოპიად შეირაცხა; ისტორიისა და კულტურის როგორი აღქმა უდევს საფუძვლად ამგვარ შერაცხვას?

– ისტორიული წარსულის რა ტიპის ონტოლოგიური და დისკურსული სტატუსი იკვეთება, თუ ისტორიის წერას გავიგებთ, როგორც ბრძოლის ველს „გამარჯვებულთა“ და „დამარცხებულთა“ პერსპექტივებს შორის (ვალტერ ბენიამინი, კარლო გინძბურგი)?

მით უფრო მწვავეა აუცილებლობა, ისტორიის რეცეფცია კრიტიკულად განვიხილოთ, როგორც დინამიკური კონფლიქტური პროცესი, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასი წლისთავი აღინიშნება, რომლის სოციალ-დემოკრატიული მემკვიდრეობის მნიშვნელობა თანამედროვე ქართული სოციალური და პოლიტიკური რეალობისთვის ჯერაც მოელის სიღრმისეულ კრიტიკულ აქტუალიზაციას.

დრო: 18 დეკემბერი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5

დასწრება თავისუფალია.

ბანერები