ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სირთულეებთან გამკლავების შეტყობინებისა და მართვის ქსელის (REACT) ფინალური შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებები

29 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჩატარდა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სირთულეებთან გამკლავების შეტყობინებისა და მართვის ქსელის (REACT) (Network for Alerting and Managing Public Safety and Resilience – REACT) ფინალური შეხვედრა.

პროექტი ხორციელდება NATO SPS-ის (მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის) პროგრამის ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის, განგაშის სისტემის შექმნას ტერორისტული ან სხვა ტიპის თავდასხმის შემთხვევაში, ასევე რეაგირების პროტოკოლების შემუშავებას ატმოსფერული ჰაერის განსაკუთრებით საშიში ქიმიური აგენტებით დაბინძურების შემთხვევაში.

შეხვედრაში მონაწილეობდა სამი პარტნიორი ქვეყანა:

1. ვენეციის კაფოსკარის უნივერსიტეტი, კონსორციუმი CISNA (იტალია);
პროფესორები: ანდრეა გამბარო (Andrea GAMBARO), მარკო ბენედეტი (Marco BENEDETTI);

2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
პროფესორი ქეთევან კუპატაძე (Ketevan KUPATADZE);

3. ოკლაჰომის უნივერსიტეტი (აშშ);
პროფესორი დევიდ ებერტი (David EBERT);

ასევე მონაწილეობდნენ პროექტის იტალიელი და ამერიკელი პარტნიორები, საქართველოს მხრიდან თანაპარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრა ჰიბრიდული ფორმატით გაიმართა. ზუმის პლატფორმით აუდიტორიას მიესალმნენ CINSA სამეცნიერო კონსორციუმის დირექტორი, პროფესორი ნელსონ მარმიროლი და NATO SPS პროგრამის მრჩეველი და მენეჯერი, დრ. ეიუბ თურმუში (SPS Advisor and Programme Manager).

პროექტში ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მეცნიერები საქართველოს მხრიდან, კერძოდ: თამარ ედიშერაშვილი, ეთერ მაღრაძე, ლექსო ტორიაშვილი, გიორგი იანქოშვილი, გიორგი ხუბაშვილი.

პროექტის SMART პლატფორმის ხელმისაწვდომობა და მიღებული შედეგები პირველ ყოვლისა გაზიარდება პროექტის თანაპარტნიორებთან საქართველოს მხრიდან, ესენია:

შსს სსდ (CBRNE Division) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, მასწავლებლის სახლი, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, სკოლა „სადუნი“.

პროექტი დაიწყო 2020 წლის ნოემბერში და მის ფარგლებში ონლაინსამუშაო შეხვედრები სისტემატურად მიმდინარეობდა. ასევე შედგა ორი შეხვედრა რომსა (2021 წლის დეკემბერში) და ვენეციაში (2022 წლის ოქტომბერში), სადაც ქართული ჯგუფისთვის ჩატარდა სპეციალური ტრენინგი.

თბილისში ჰაერის მონიტორინგის სენსორები განთავსებულია ოთხ ადგილას:

  • ი. ჭავჭავაძის გამზირი;
  • ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი;
  • ლეღვთახევი (ძველი თბილისი);
  • ნუცუბიძის ქუჩა.

სენსორების მიერ იზომება SO2; NO2; PM1; PM2,5; PM10. ასევე მეტეოროლოგიური მონაცემები, როგორიცაა ქარის მიმართულება და სიმძლავრე, ტენიანობა, ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა.

აგრეთვე იზომება ხმაურის დონე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 2008 წლიდან ხმაური გარემოს დამაბინძურებლების სიაში ოფიციალურად არის შეტანილი.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის სოციალური ან ბუნებრივი მოვლენების ფონზე ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებლების დინამიკის შესწავლა.

კვლევა მიმდინარეობს 2023 წლის მარტიდან. მიღებული მონაცემებით თბილისში ჰაერის ხარისხი დამაკმაყოფილებლიდან კარგისკენ მერყეობს. კვლევა გრძელდება.

 2023

 

ბანერები