ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია

ღონისძიებები

10 დეკემბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში სახალხო დამცველის აპარატთან ერთად ადამიანის უფლებების დღის აღსანიშნავად გამართავს საჯარო შეხვედრას „საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“.

თანასწორობა, მრავალფეროვნება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა განხილული იქნება სხვადასხვა ჭრილში, მათ შორის: ლიტერატურის, ფსიქოლოგიის, კინემატოგრაფიის და ახალგაზრდული აქტივიზმის კონტექსტში.
შეხვედრას გახსნის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.
მოდერატორი – სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

მღვდელი გიორგი წეროძე ისაუბრებს თანასწორობის ცნებაზე ქრისტიანულ კონტექსტში; ლიტერატურათმცოდნე დავით გორგილაძე განიხილავს, როგორაა წარმოდგენილი თანასწორობა და მრავალფეროვნება ქართულ ლიტერატურაში; კინომცოდნე თეო ხატიაშვილის მოხსნება შეეხება ქართულ და მსოფლიო კინემატოგრაფიაში არსებულ სიძულვილის ენასა და სტერეოტიპებს, როგორ შეიძლება კინემატოგრაფში სიძულვილის ენის დაძლევა; ფსიქოლოგი მაია ცირამუა კონკრეტულად მიმოიხილავს დისკრიმინაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებს, მის გამოწვევ ფაქტორებს და მასთან ბრძოლის ინტრუმენტებს; ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე მოჰყვება თავის ისტორიას – როგორ შეუწყო ხელი ბოშა ბავშვების ინტეგრაციას ქართულ გარემოში; კამპანიის „არა სიძულვილის ენას“ აქტივისტი მარია ანდრეევა ისაუბრებს თავის გამოცდილებასა და ახალგაზრდების როლზე სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტები, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათ შესაძლებლობა ექნებათ, გაუზიარონ მოსაზრებები აუდიტორიას ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ, ასევე დატოვონ წერილობითი მესიჯები სპეციალურად შექმნილ ადამიანის უფლებების კედელზე.

საკონტაქტო პირი: ნათია ქანთარია, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.
ელფოსტა: natia.kantaria@coe.int;
ტელეფონი: +995 555 633543;

ღონისძიება „საუბრები ადამინის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“ ორგანიზებულია თანამშრომლობის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოში.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 10 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები