საერთაშორისო კვლევითი პროექტის Cities Building Culture გამოფენა „საცხოვრებელი მემკვიდრეობა: საბჭოთა მორფოტიპები და ტიპოლოგიები“
ღონისძიებები
28 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება გამოფენა „საცხოვრებელი მემკვიდრეობა: საბჭოთა მორფოტიპები და ტიპოლოგიები“ და გაიმართება კულტურის ისტორიკოსის, პოლინა გუნდარინას საჯარო ლექცია.
გამოფენა გაგრძელდება 3 ოქტომბრის ჩათვლით.
საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1917-1991 წლებში შექმნილი საცხოვრებელი უბნები დღემდე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის მრავალი ქალაქის ურბანულ ქსოვილსა და ყოველდღიურ ცხოვრებას. ისინი ასევე ნათლად ასახავენ პოსტსაბჭოთა სივრცის სოციალურ რღვევებს და წინააღმდეგობებს.
საბჭოთა ქალაქგეგმარება პოლიტიკურ და იდეოლოგიურ იმპერატივებზე დაფუძნებული მოუქნელი სისტემა იყო, ასევე მნიშვნელოვნად განპირობებული იმ დროის სამშენებლო ტექნოლოგიების შეზღუდვებით. მიუხედავად ამისა, ამ ეპოქამ შექმნა ურბანული ქსოვილისა და არქიტექტურული ფორმების მრავალფეროვანი სპექტრი – დაწყებული ავანგარდის ადრეული ექსპერიმენტული პროექტებიდან, რომლებიც კერძო და საერთო სივრცეების შეთავსებას ცდილობდა, ინდუსტრიალიზაციის პერიოდის სოციალისტურ ქალაქებამდე და შემდგომ სტანდარტიზებულ მიკრორაიონებამდე, რომლებიც არსებითად „ქალაქს ქალაქში“ წარმოადგენდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არქივებში მოძიებული საბჭოთა მორფოტიპები და ტიპოლოგიები სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, ყაზახეთის, ლატვიის, ლიეტუვის, რუსეთის, უკრაინისა და უზბეკეთის მაგალითებზე. ბოლო 40 წლის განმავლობაში ურბანული მორფოტიპებისა და შენობების სივრცითი კონფიგურაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. არსებული ისტორიული განაშენიანება მომავლისთვის მნიშვნელოვან საბინაო რესურსს წარმოადგენს, თუმცა ამავდროულად იგი სახეცვლილებისა და ნგრევის საფრთხის წინაშე დგას. ამასთან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების მიერ საბჭოთა მემკვიდრეობასთან მუშაობის, მისი ტრანსფორმაციის, განახლებისა და ახალ საჭიროებებთან მორგების პროცესში შეძენილი გამოცდილების გათვალისწინება.
გამოფენა მომზადდა კარლსრუეს ტექნოლოგიის ინსტიტუტის, აახენის უნივერსიტეტის, ლაიბნიცის აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტის და სხვა პარტნიორებთან ერთობლივი კვლევითი პროექტის Cities Building Culture ფარგლებში.
პროექტის მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის განაშენიანებული მემკვიდრეობისთვის მდგრადი მართვის მიდგომების შემუშავება.
იგი ითვალისწინებს კულტურის, ისტორიის, სოციალური, დაგეგმარებითი და გარემოსდაცვითი მეცნიერებების თანაკვეთაზე ინტერდისციპლინური დიალოგის შექმნას მე-19 საუკუნის დასასრულის პრესოციალისტური და მე-20 საუკუნის სოციალისტური პერიოდის საცხოვრებელი უბნების შესწავლით.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: www.cities-building-culture.com
მომხსენებლის შესახებ
პოლინა გუნდარინა კულტურის ისტორიკოსია. მისი სადისერტაციო ნაშრომი „მუშების სასახლეები: საბჭოთა დასვენება და კულტურის სახლები 1991 წლამდე და მის შემდგომ“ მომავალ წელს მონოგრაფიად გამოიცემა. იგი ამჟამად გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორია.
გამოფენის გახსნა: 28 სექტემბერი, 18:00 საათი
პოლინა გუნდარინას საჯარო ლექცია: 28 სექტემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიე, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026