ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2026 – სამეცნიერო ქალაქი

ღონისძიებები

26 სექტემბერს, 13:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულ სამეცნიერო პიკნიკს უმასპინძლებს.

2012 წლიდან ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. მისი მიზანია თანამედროვე მეცნიერება, კვლევები და ინოვაციები ინტერაქტიული, გასაგები, სახალისო ფორმით გააცნოს ნებისმიერი ასაკის სტუმარს.

2026 წელს პიკნიკი ახალი კონცეფციით გაიმართება – ილიაუნის კამპუსი ერთი დღით გადაიქცევა მეცნიერების ქალაქად / Science City, სადაც სტუმრები თემატურ სივრცეებში გაეცნობიან ტექნოლოგიებს, დაესწრებიან ექსპერიმენტებს, სამეცნიერო შოუებს, თამაშებს, მასტერკლასებს, გამოფენებსა და მკვლევრებთან შეხვედრებს.

წლევანდელი პიკნიკი გამორჩეულია იმითაც, რომ ეს იქნება ილიას განათლების ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც გააერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, შემოქმედებასა და საზოგადოებას.

Science City-ში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე თემატური მიმართულება:

  • სტუდენტური ცხოვრება / გაიცანი ჩვენი სტუდენტები / Campus Life – Meet Our Students – სტუდენტური ცხოვრება, სტუდენტთა ინიციატივები, კლუბები, გამოცდილება და ილიაუნის გაცნობა სტუდენტების თვალით;
  • შემოქმედებითი სახელოსნო / Creative Workshop – ხელოვნება, დიზაინი, შემოქმედებითი მასტერკლასები და მეცნიერების, იდეებისა და შემოქმედების გადაკვეთა;
  • ინოვაციების უბანი / Innovation District – ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, პროგრამირება, VR, 3D ბეჭდვა, არქიტექტურა და ინოვაცია;
  • დედამიწისა და სიცოცხლის უბანი / Earth, Water & Life – წყალი, დედამიწა, კლიმატი, ეკოლოგია, ფლორა, ფაუნა, ბიომრავალფეროვნება, ბუნებრივი რესურსები და მდგრადი განვითარება;
  • ფიზიკა და ასტრონომია / Explore the Universe – ფიზიკა, ასტრონომია, კოსმოსური კვლევები, პლანეტები, ვარსკვლავები და სამყაროს შეცნობა;
  • გაიცანი მსოფლიო / Meet the World Village – ენები, კულტურები, საერთაშორისო სტუდენტები, მსოფლიოს ქვეყნები, საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობები და გლობალური მრავალფეროვნება;
  • აღმოჩენების მოედანი / Discovery Square – ბიოლოგია, ქიმია, მედიცინა, ჯანდაცვის მეცნიერებები, ფსიქოლოგია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები, მოსწავლეთა სამეცნიერო პროექტები, ექსპერიმენტები, STEM აქტივობები და აღმოჩენები, საგანმანათლებლო ინიციატივები, ინტერაქციული ექსპერიმენტები, თამაშები და მეცნიერება მთელი ოჯახისთვის.

მეცნიერების ქალაქის შექმნაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებთან, კვლევით ინსტიტუტებთან, სტუდენტებსა და სკოლებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან კერძო, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც, რომლებიც სტუმრებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

აღმოაჩინე ჩვენი პლანეტა / Earth, Water & Life

დედამიწისა და სიცოცხლის უბანში მეცნიერებთან ერთად სტუმრებს უმასპინძლებს თბილისის ზოოპარკი, ასევე Georgian Water and Power (GWP).

თბილისის ზოოპარკის სივრცე დაეთმობა ცხოველთა სამყაროს, ბიომრავალფეროვნებასა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენას, სტუმრები სხვადასხვა შემეცნებითი და ინტერაქტიული ღონისძიებით უკეთ გაეცნობიან ცხოველებს, მათ საცხოვრებელ გარემოსა და ეკოსისტემებში არსებულ კავშირებს.

GWP-ის სივრცეში ყურადღება გამახვილდება წყალზე, მის მნიშვნელობასა და სრულ ციკლზე, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და წყლის რაციონალურ გამოყენებაზე. სტუმრებს ელოდებათ საგანმანათლებლო თამაშები და ღონისძიებები, რომლებიც მარტივად და სახალისოდ გვიჩვენებს, რა გზას გადის წყალი ბუნებიდან ჩვენს ონკანებამდე და რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული წვეთის გაფრთხილება.

გაიცანი მსოფლიო – მეცნიერება ყველა ენაზე საუბრობს / Meet the World Village

26 სექტემბერი განსაკუთრებულია იმითაც, რომ აღინიშნება ევროპის ენების დღე / European Day of Languages.

ამიტომ წლევანდელი ღონისძიება გაიცანი მსოფლიო / Meet the World Village გააერთიანებს უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებს, კულტურულ ინსტიტუტებს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს.

ზონის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება ილიაუნის საერთაშორისო სტუდენტების კულტურული ფესტივალი, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები სტუმრებს გააცნობენ საკუთარ კულტურას, ტრადიციებს, მუსიკას, ეროვნულ სამოსს, ენას, სამზარეულოსა და ყოველდღიური ყოფის საინტერესო დეტალებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო სტუდენტებს გაესაუბრონ და ერთ სივრცეში აღმოაჩინონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა.

Meet the World Village-ში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრებსაც, რომლებიც ევროპის ენების დღეს სტუმრებს სხვადასხვა ენას ინტერაქციული და სახალისო ფორმით გააცნობენ. მონაწილეები ისწავლიან ახალ სიტყვებსა და ფრაზებს, შეძლებენ შეამოწმონ ცოდნა ენის თამაშებითა და ქვიზებით, გაეცნონ სხვადასხვა დამწერლობას და აღმოაჩინონ, რამდენად მრავალფეროვანია ენების სამყარო.

Meet the World Village-ში წარმოდგენილი იქნება გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში. აქ სტუმრებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სამაგიდო და შემეცნებით თამაშებში, მეტი გაიგონ გაეროს საქმიანობისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესახებ, შეასრულონ სხვადასხვა დავალება და მიიღონ მცირე სამახსოვრო პრიზები.

დაინტერესებულ სტუმრებს ასევე დახვდებათ გაეროსა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ მომზადებული საინფორმაციო და საგანმანათლებლო პუბლიკაციები, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო ახლოს გაიცნონ გლობალური მიზნები და საკუთარი როლი მდგრადი მომავლის შექმნაში. 

სივრცის ნაწილი იქნება Goethe-Institut Georgien, რომელიც სტუმრებს გერმანული ენისა და კულტურის გასაცნობად ინტერაქციულ და შემეცნებით ღონისძიებებს შესთავაზებს.

Coca-Cola Stadium – გართობა, თამაშები და კარგი განწყობა

Science City-ის საერთო გამოცდილებას წელს კიდევ ერთი განსაკუთრებული სივრცე შეემატება – Coca-Cola Stadium.

Coca-Cola-ს სტადიონზე მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს დახვდებათ წამყვანი, მუსიკა, ინტერაქციული თამაშები და გათამაშებები – მათ შორის Mix Pong, „გამოიცანი გემო“, „იქსიკი & ნოლიკი“ და სხვა Coca-Cola-ს თემატიკაზე შექმნილი ღონისძიებები.

სტუმრებს შეუძლიათ მოიგონ ბრენდირებული საკოლექციო საჩუქრები, გადაიღონ ფოტოები და ვიდეოები, დაისვენონ სპეციალურად მოწყობილ Coca-Cola Lounge Zone-ში და Science Picnic-ის მხიარული და დინამიკური ატმოსფეროთი ისიამოვნონ.

ახალი ინიციატივა – Science Passport

წლევანდელი პიკნიკის კიდევ ერთი სიახლე იქნება სამეცნიერო პასპორტი / Science Passport.

სტუმრები მეცნიერების ქალაქში საკუთარი „სამეცნიერო პასპორტით“ იმოგზაურებენ – სხვადასხვა ზონაში შეასრულებენ მცირე მისიებს, ჩაერთვებიან ექსპერიმენტებსა და თამაშებში და შეაგროვებენ სპეციალურ შტამპებს. მისია შეიძლება იყოს რობოტის მართვა, წყლის ხარისხის შემოწმება, ასევე მიკროსკოპით დაკვირვება, მინერალის ამოცნობა თუ ახალი სიტყვის სწავლა უცხო ენაზე.

Science Passport-ის მიზანია პიკნიკზე სტუმრობა გადაიქცეს აღმოჩენებში მოგზაურობად და მონაწილემ რაც შეიძლება მეტი სამეცნიერო მიმართულება გამოცადოს.

მეცნიერება, განათლება და მდგრადი მომავალი

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი კვლავ ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და მეცნიერებას განიხილავს როგორც განათლების, ინოვაციის, გარემოს დაცვისა და საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

ღონისძიება ასევე იზიარება European Researchers’ Night-ის იდეას – მეცნიერებისა და მკვლევრების საზოგადოებასთან დაახლოებას – და აგრძელებს პრინციპს, რომელსაც პიკნიკი 2012 წლიდან ემსახურება: „მეცნიერება ყველასთვის“.

26 სექტემბერს გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – მოდით ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, გახდით სამეცნიერო ქალაქის მოქალაქე და ილიაუნიში გაატარეთ აღმოჩენებით დატვირთული ერთი დღე.

დრო: 26 სექტემბერი, 13:00 -17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზო, ი. ჭავჭავაძის N 45

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები