ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია სახალხო დამცველის კანდიდატებთან

ღონისძიებები

8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება კავშირ „საფართან” თანამშრომლობითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე სახალხო დამცველის კანდიდატებთან.

მომხსენებლები

ანა აბაშიძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი; სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი

ნაზი ჯანეზაშვილი, ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი; სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი

გიორგი ბურჯანაძე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი

მოდერატორი

ანა აფციაური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის კოორდინატორი; თანასწორობის მოძრაობის სამართლებრივი ოფიცერი

დისკუსიის თემატიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა 25 ოქტომბერს დაიწყო. Პარლამენტში რეგისტრირებული 19 კანდიდატიდან 3 არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს. მათი შერჩევის პროცესში 52 ორგანიზაცია მონაწილეობდა.

სახალხო დამცველობის კანდიდატთა შესარჩევი პროცესი სამოქალაქო სექტორმა ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო. 52 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა შესაფერისი კანდიდატების შერჩევაზე – გაიწერა კრიტერიუმები, შესაბამისად, შეფასების მეთოდები, შიდა კენჭისყრის წესები და პროცედურები. შედეგად, 27 სექტემბერს წარადგინეს სამი კანდიდატი. აღსანიშნავია, რომ კანიდატებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს პარლამენტის მიერ შექმნილი 9-კაციანი კომისიისგანაც.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. Პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს. დისკუსიაზე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს კანდიდატების მოსაზრებები მიმდინარე პროცესებზე, აგრეთვე მათი სამომავლო ხედვები და მიზნები.

სემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი, რომელთაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს.

დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/4psb8hay

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 8 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

2022 წელი

ბანერები