ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქალთა ისტორიის თვე – ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)  პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) –  თანამშრომლობით მარტში, ტრადიციულად, ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავს. 

ქალთა ისტორიის თვე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა ისტორიული მიღწევებისა და მათი მნიშვნელობის წარმოჩენის, აგრეთვე, ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის მიზნით.  

ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არაერთი ღონისძიება ჩატარდება. 


ქალთა ისტორიის თვის ღონისძიებათა განრიგი


✔ კინოჩვენება და დისკუსია: ფილმი „სუფრაჟისტები“

14 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება ფილმის „სუფრაჟისტები" კინოჩვენება და დისკუსია. 

ფილმი მოგვითხრობს ფემინისტ ქალებზე, რომლებიც მოითხოვდნენ ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებას. ისინი არ იყვნენ პრივილეგირებული კლასის წარმომადგენლები, ქვეყანაში არსებულ  გენდერულ უთანასწორობასთან დასაპირისპირებლად მზად იყვნენ, დაეკარგათ ყველაფერი: სამუშაო ადგილები, სახლები, შვილები და საკუთარი ცხოვრება. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ვითარდებოდა დიდ ბრიტანეთში. 

დრო: 14 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია. 


✔ ჩვენება და დისკუსია: „მრავალფეროვნების სახეები“

16 მარტს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის „მრავალფეროვნების სახეები“ ფარგლებში მომზადებული ორი ვიდეოს – „ჰურიე“ და „ნიგერიელი გოგო თბილისში“ – ჩვენება. დასასრულს გაიმართება დისკუსია ვიდეოს გმირების მონაწილეობით.

„ჰურიე“ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. ვიდეოში იგი გვიამბობს საკუთარ გამოცდილებაზე – როგორი განწყობები არსებობს მუსლიმი გოგოს მიმართ,  რომელიც საჯარო სივრცეში თავსაფარს ატარებს? როგორ უპირისპირებს ჰურიე მუსლიმების შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებს სამოქალაქო აქტივიზმსა და რელიგიურ პერსპექტივას?

„ნიგერიელი გოგო თბილისში“ რასიზმის პრობლემას ეხება. ვიდეოს გმირი, შარონი, სტუდენტია. იგი ნიგერიიდან მედიცინის შესასწავლად ჩამოვიდა. შარონი საუბრობს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილებაზე, სექსუალურ შევიწროებასა და, ამავდროულად, დადებით შთაბეჭდილებებზე, რომლებიც საქართველოსთან აკავშირებს.

დრო: 16 მარტი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია. 


✔ საჯარო ლექცია: „ვინ არის კატო მიქელაძე?“

19 მარტს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში" დირექტორი ნანა ფანცულაია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ვინ არის კატო მიქელაძე?" 

კატო მიქელაძე ფემინისტი, პუბლიცისტი და ქალის უფლებებისთვის მებრძოლი იყო, რომელმაც ევროპაში განათლების მიღების შემდეგ საქართველოში ქალთა უფლებებისათვის დაიწყო ბრძოლა. მან 1917-1918  წლებში ჩამოაყლიბა გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ და ორგანიზაცია „ქალთა ლიგა“, რომელიც დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენელ ქალს აერთიანებდა.

ლექცია შეეხება კატო მიქელაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას. მომხსენებელი ასევე ისაუბრებს  ქალთა უხილავ ისტორიულ მიღწევებსა და მათი წარმოჩენის მნიშვნელობაზე,  მიმოიხილავს ამ მიმართულებით ქალთა ფონდის საქმიანობას  საქართველოში, მათ შორის – „კატო მიქელაძის სახელობის პრემიას,“ რომელიც ქალთა ფონდმა საქართველოში 2013 წელს დააწესა და  ყოველწლიურად გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.

დრო: 19 მარტი, 16:30 საათი
ადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია 


✔ საჯარო ლექცია: „გენდერის როლი სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“

21 მარტს, 19:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „გენდერის როლი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში". 

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლეები უნდა გაემიჯნონ პერსონალურ გამოცდილებას, შეხედულებებსა და მორალურ სტანდარტებს. ვინაიდან მოსამართლე ქალებსა და კაცებს სხვადასხვანაირი გამოცდილება აქვთ, მათი სქესი, ბუნებრივია, გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე. თუმცა, საქართველოში არათუ არ არსებობს ემპირიული კვლევები ამის შესახებ, არამედ სამართალწარმოების გენდერულ განზომილებასაც ძნელად თუ აღიარებს ვინმე.

მომხსენებლის შესახებ 
ანა დოლიძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ის მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. მოპოვებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი კორნელის უნივერსიტეტში (აშშ). 

დრო: 21 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია 


✔ დებატები „გენდერული ნიშნით ძალადობა –  გამოძიება, სამართალწარმოება და მსხვერპლთა დაცვა“

23 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ დებატებს თემაზე „გენდერული ნიშნით ძალადობა - გამოძიება, სამართალწარმოება და მსხვერპლთა დაცვა". 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა შემოდგომის სემესტრიდან გეგმავს ადამიანის უფლებათა და კონსტიტუციური სამართლის კლინიკის ამუშავებას. კლინიკის ერთ-ერთი პარტნიორი იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელთანაც უნივერსიტეტმა უკვე წარმატებულად ითანამშრომლა სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტის, დეა გოშხეთელიანის საქმეზე. გენდერული ნიშნით ძალადობა დისკრიმინაციის ერთ-ერთი უკიდურესი ფორმაა, დებატების მთავარი თემა იქნება გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და სამართალწარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და პრაქტიკული ხარვეზები, აგრეთვე  მსხვერპლთა დაცვის გარანტიები და სერვისები, რომლებსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.

დრო: 23 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია. 


✔ პანელური დისკუსია: თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისთვის

29 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისთვის". 

მომხსენებლები: ლია ჩარექიშვილი –  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოციალური სტატისტიკის სამმართველოს სოციალური ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი; ნათია კაციტაძე –  ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი.

მოდერატორი: გვანცა ხონელიძე –  საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, „ქალთა მზერის“ დამფუძნებელი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის მეორე კვარტალში  დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 864.4 ლარს შეადგენს, დასაქმებული კაცის საშუალო ხელფასი 1051.4 ლარია, ხოლო ქალის –  640.2 ლარი, ანუ, კაცის საშუალო ხელფასის დონე 411.2 ლარით, ანუ 1.64-ჯერ აღემატება ქალის საშუალო ხელფასის მაჩვენებელს. ამასთან, საქმიანობის იმ სფეროებშიც კი, სადაც ქალები პროცენტულად ჭარბობენ კაცებს, კაცების ხელფასი ქალებისას მნიშვნელოვნად აღემატება. მაგალითად, განათლების სფეროში დასაქმებულთა დაახლოებით 70% ქალია, ქალის საშუალო ხელფასი კი შეადგენს 381,9 ლარს, მაშინ, როცა კაცების ხელფასი 484,1 ლარია. დისკუსიის მონაწილეები ისაუბრებენ ამ სტატისტიკური მონაცემების მიზეზებზე, სამართლებრივ ასპექტებსა და მათი წარმოების მნიშვნელობაზე.

დრო:29  მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია 

2018 წელი


ბანერები