ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ორდღიანი საგანმანათლებლო გამოფენა ილიაუნიში

ღონისძიებები

ილიაუნი განათლებისთვის, ილიაუნი მეცნიერებისთვის

4-5 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ილიაუნის სამეცნიერო კვლევების, საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევითი ლაბორატორიებისა და რესურსების გამოფენაზე.

გაინტერესებთ

  • როგორ არის მოწყობილი სამყარო? რას და როგორ ცვლიდა ადამიანი ცოდნით და რისი შეცვლა შეუძლია მომავალში?
  • როგორ ვიკვლიოთ/დავიცვათ უმდიდრესი კულტურული და ენობრივი მემკვიდრეობა?
  • როგორ ვიკვლიოთ/შევინარჩუნოთ ჩვენი უნიკალური ბიომრავალფეროვნება?
  • როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ჩვენს გარემოსა და ჯანმრთელობაზე?
  • როგორ ავირიდოთ დაავადებების განვითარება და გართულება? რატომ შეიძლება იყოს გარემო ჩვენთვის მავნე და როგორ შეგვიძლია შევამციროთ რისკი?
  • როგორ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს კვლევასა და სწავლებაში?

ამ კითხვებზე საპასუხოდ გაეცანით უახლეს კვლევებს ილიაუნის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად.

აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ლაბორატორია/საგანმანათლებლო ტური ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტების მეგზურობით.

კვლევითი ლაბორატორიები

  • საქართველოსა და კავკასიის მყინვარული სისტემები, გლობალური კლიმატური ცვლილებების საშიშროებები (გლაციოლოგიური ცენტრი);
  • ბუნებრივი კატასტროფები, სეისმური საფრთხეები და უწყვეტი მონიტორინგის სისტემა (დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი);
  • შავი ზღვის ეკოსისტემა, მაღალმთის ეკოლოგია (ბოტანიკის ინსტიტუტი, ზოოლოგიის ინსტიტუტი, ეკოლოგიის ინსტიტუტი, ილიაუნის კვლევითი გემი „წმინდა ილია“);
  • გარეულ ცხოველთა და გადამფრენ ფრინველთა ინფექციები, ადამიანის პათოგენები (ადამიანის პათოგენების კვლევის ლაბორატორია, გარეულ ცხოველთა დაავადებების კვლევითი ცენტრი, მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია);
  • ადამიანის ჯანმრთელობა და მისი პრობლემების მიზეზის დადგენა (მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი, ძილ-ღვიძილის ლაბორატორია, ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი);
  • ცხოველთა ქცევა (ეკოლოგიის ინსტიტუტი, ზოოლოგიის ინსტიტუტი);
  • ხეები და მათი კვლევა, მონიტორინგი (დენდროლაბი);
  • კვების პროდუქტების უსაფრთხოება (გენმოდიფიცირებული ორგანიზმების დეტექციისა და ქიმიური ტოქსიკურობის შეფასების ლაბორატორია);
  • ასტრონომია და ასტროფიზიკა (კოსმოსური კვლევების ცენტრი);
  • ასევე, ფიზიკის, ქიმიის, ბიოქიმიის, ფიზიოლოგიის, ზოოლოგიის, მოლეკულურ-გენეტიკური და სხვა ლაბორატორიები.

ტექნოლოგიური და სასწავლო სივრცეები

  • ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლა – ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის, სტუდენტური დიზაინის, ჰიდრავლიკის, სტრუქტურული და გეოტექნიკური ლაბორატორიები;
  • საუნივერსიტეტო მონაცემთა ანალიზის ცენტრი –საქართველოში ერთადერთი ცენტრი მოცულობითი მონაცემების დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შექმნის და დანერგვის მიმართულებით;
  • SALiS-ის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი და სასწავლო ლაბორატორია – თანამედროვე სენსორული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე, სადაც ილიაუნის ფიზიკის, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მომავალი მასწავლებლები ეუფლებიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ინოვაციურ მეთოდებს;
  • ფაბლაბი – ინოვაციური სამრეწველო და ტექნოლოგიური ლაბორატორია, აღჭურვილი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით, 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელით და სხვა დანადგარებით;
  • უნილაბი – ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია სასწავლო კურსებითა და პროფესიული აქსელერაციის პროგრამებით.

ჰუმანიტარული და ინტერდისციპლინური კვლევები

  • შავი ზღვისა და კავკასიის კულტურული სემანტიკის კვლევა – ილიაუნის საპრეზენტაციო სივრცეში პროფესორები ისაუბრებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, არქეოლოგიური აღმოჩენების, შავი ზღვისა და კავკასიის კულტურული სემანტიკის კვლევების და სხვა მიღწევების შესახებ (G106 დარბაზი);
  • ციფრული ჰუმანიტარიისა და ქართველოლოგიის სახელოსნო – ნახავთ, როგორ იქმნება უმდიდრესი ქართული და ქართველური ენების ციფრული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტები, ენის კორპუსები და ბუნებრივი თანამედროვე მე-4 დონის ციფრული გამოცემები, გაეცნობით უახლეს ქართველოლოგიურ კვლევებს, პროსოპოგრაფიულ და სხვა მონაცემთა ბაზებს, მათი შექმნის მეთოდოლოგიას;
  • EMLEX - ლექსიკოგრაფიის სტენდი – გსმენიათ, რომ ევროპის შვიდ უნივერსიტეტში ამჟამად სულხან-საბა ორბელიანის ნაკადი სწავლობს? გაინტერესებს, როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ ევროპული ლექსიკოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე და მიიღოთ თანამედროვე განათლება ილიას უნივერსიტეტსა და პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში? გაინტერესებთ, როგორ იქმნება თანამედროვე ქართული ტერმინოლოგია, ეწვიეთ EMLEX-ის სტენდს;
  • ლიტერატურისა და კინოს კუთხე – მათთვის, ვისაც უყვარს კინო და ლიტერატურა: რა წავიკითხოთ, როგორ ვუყუროთ კინოს (G კორპუსის ფოიე);
  • უმაღლესი კვლევების ცენტრი – აკადემიური დისკუსიების სივრცე კულტურის, ისტორიის, პოლიტიკის, დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების და პრაქტიკული ფილოსოფიის შესახებ.

სამეცნიერო გამოცემები

სამკითხველო სივრცეში გაეცნობით ცნობილი ევროპული საუნივერსიტეტო გამომცემლობების: შპრინგერი, ბრილი, ბრეპოლსი სამეცნიერო კვლევების სერიებს და ასევე ილიაუნის გამომცემლობის მონოგრაფიებსა და სამეცნიერო ჟურნალებს.

ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის საერთაშორისო პროგრამები

  • ილიაუნის პროფესორები და კურსდამთავრებულები მოგიყვებიან საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რატომ არის ეს პროგრამები გამორჩეული და რას გამოიწვევს მათზე მიღების შეზღუდვა;
  • ერთობლივი და ორმაგი ხარისხის საერთაშორისო პროგრამების სტენდზე ნახავთ 19 მიმართულების პროგრამებს, რომელთაც ილიაუნი აშშ-ის და ევროპის (გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ბელგია, იტალია, პორტუგალია, უნგრეთი) ცნობილ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს.

თარიღი: 4 აპრილი, 15:00-18:00 საათი, 5 აპრილი, 15:00-17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T (ტექნოლოგიური), G და E კორპუსები (ი.ჭავჭავაძის გამზ. N45)

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები