ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნიკოლოზ გოგოჭურის ლექცია ,,ესაუბრე ბაზარს“

ღონისძიებები

26 დეკემბერს, 19:00 საათზე, ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში ექსკლუზიურად მონაწილე გუნდებისთვის ნიკოლოზ გოგოჭური, სერიული ანტერპრენერი და სტარტაპ VRex Immersive-ის დამფუძნებელი, წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,ესაუბრე ბაზარს“.

აღსანიშნავია, რომ VRex Immersive პირველი სტარტაპ კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას ვირტუალური რეალობის გამოყენების საშუალებას აძლევს.

პრე-აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ასევე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (ჯიტა) და აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროექტის ,,Paving the Way to Knowledge-based Economy: Enhancing University Research and Entrepreneurial Skills in Georgia'' მხარდაჭერით.

პროგრამა აგებულია ევროპის ყველაზე გამოცდილი B2B აქსელერატორის Startup Wise Guys რეკომენდაციებითა და სილაბუსით.

მომხსენებლის შესახებ

„ანტრეპრენერი ვარ 2004 წლიდან, როდესაც ჩემი პირველი კომპანია დავაფუძნე. კომპანია მუშაობდა არქიტექტურულ ვიზუალიზაციასა და ანიმაციაზე. შემდეგ კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების სფეროში ვმუშაობდი. 2013 წელს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე კომპიუტერული გრაფიკის პირველი ასოციაცია (CG Georgia) საქართველოში. საქართველოში ტექნოლოგიური დარგების განვითარებაზე ორიენტირებულ ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა, მათ შორის იყო საგანმანათლებლო სტანდარტები პროფესიული განათლებისთვის და საქართველოში პირველად გამართული კომპიუტერული გრაფიკის ფესტივალი (Cg Fest Tbilisi).

2015 წლიდან მთლიანად გადავერთე ჩემს მიმდინარე სტარტაპზე VRex Immersive, რომელიც ვირტუალური რეალობის პლატფორმას ქმნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის. ჩვენი კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას ვირტუალური რეალობის გამოყენების საშუალებას აძლევს.

2018 წლის დასაწყისში Startup Grind-მა შეგვარჩია საუკეთესო 50 სტარტაპს შორის 7000-დან მსოფლიოში და ორჯერ კალიფორნიაში, Silicon Valley-ში, და ერთხელ ლონდონში ჩატარებულ გლობალურ გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა.

ჩემი აზრით, ანტრეპრენერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცოდნის გაზიარებაა. სწორედ ამიტომ ბოლო წლებში უამრავი მენტორშიპ პროგრამისა და ღონისძიების მონაწილე ვიყავი, ათობით სტარტაპერისა და ანტრეპრენერის მენტორი ვარ. მუდმივად ვეძებ ცოდნის მიღების ახალ შესაძლებლობებს და ვსწავლობ ჩემი თანატოლებისა და უფრო გამოცდილი ანტრეპრენერებისგან.

ცოდნის მიღების ეს შიმშილია ჩემი მოტივაცია.“

ბანერები