ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

შეხვედრა ვლადიმირ ბუკოვსკისთან

ღონისძიებები

8 დეკემბერს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება შეხვედრა ვლადიმირ ბუკოვსკისთან.
 
ვლადიმირ ბუკოვსკი არის 1960-1970- იანი წლების დისიდენტური მოძრაობის წევრი, მწერალი, ნეიროფსიქოლოგი და პოლიტიკური აქტივისტი. ბუკოვსკი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც  გამოააშკარავა და ისაუბრა საბჭოთა კავშირში პოლიტიკურ პატიმრებზე განხორციელებულ ფსიქიატრიულ ზემოქმედებაზე.

მან 12 წელი საბჭოთა ციხეში, მუშათა ბანაკში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. ის არის კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი.

1963-1965 წლებში ბუკოვსკი დააკავეს მოსკოვის ცენტრში პოეზიის საღამოს მოწყობის გამო. 1965 წელს მისი ორგანიზებით გაიმართა დემონსტრაციები, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობილი მწერლების, ანდრეი სინიავსკისა და იული დანიელის დაცვას. დემონსტრაციებამდე 3 დღით ადრე ბუკოვსკი ყოველგვარი განაჩენის გარეშე 1966 წლის ივლისამდე დაატუსაღეს.

1971 წელს ბუკოვსკიმ მოახერხა დასავლეთისთვის წარედგინა 150 - გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იყო პოლიტიკური მიზნებისათვის ფსიქიატრიული ინსტიტუტების გამოყენება საბჭოთა კავშირში. 1972 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მწერალი დაადანაშაულეს საბჭოთა ფსიქიატრიისადმი ცილის წამებაში, უცხოურ პრესასთან კონტაქტსა და ანტისაბჭოური პუბლიკაციების გავრცელებაში. 1976 წლიდან ბუკოვსკი ცხოვრობს კემბრიჯში, ინგლისში.

1983 წელს კი ბუკოვსკი ხდება პრეზიდენტი საერთაშორისო ანტიკომუნისტური ორგანიზაციისა, რომლის მიზანი იყო დისიდენტებისა და დემოკრატიული მოძრაობების კოორდინირება, ორგანიზებული ანტისაბჭოური გამოსვლებისა და დემონსტრაციების დაცვა კომუნისტურ ქვეყნებში.

1992 წელს მოსკოვის მერიის ლიბერალმა წარმომადგენლებმა შესთავაზეს ბუკოვსკის მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუმცა მწერალმა უარი თქვა ამ შემოთავაზებაზე.

1997 წელს ფლორენციაში გამართულ შეხვედრაზე ის აირჩიეს თავისუფლების კომიტეტების გენერალურ დირექტორად. ეს არის საერთაშორისო მოძრაობა, რომლის მიზანია თავისუფლების კულტურის დაცვა და გაძლიერება ყველგან. ბუკოვსკიმ სხვა მწერლებთან და ისტორიკოსებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა კომუნიზმის მსხვერპლთა ხსენების დღის აღნიშვნას ყოველწლიურად, 7 ნოემბერს.

2002 წელს ბუკოვსკი ხდება თანადამფუძნებელი „კომიტეტი 2008“-ის  რუსეთის დუმის მემარჯვენე ძალების ლიდერ ბორის ნემცოვთან ერთად. კომიტეტის მთავარი მიზანი იყო  რუსული დემოკრატიული ოპოზიციის დაცვა, თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება (2008).

2007 წლის 28 მაისს, ბუკოვსკიმ გადაწყვიტა, მიეღო მონაწილება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი კანდიდატურა წამოაყენეს ცნობილმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა და მწერლებმა. 800 მეტმა მონაწილემ დაუჭირა მხარი ბუკოვსკის კანდიდატურას და წარუდგინეს რეგისტრაციის მოთხოვნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მწერალმა ვერ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა რუსეთის ტერიტორიაზე. ბუკოვსკიმ გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში.

ბუკოვსკი არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი. მათ შორის აღსანიშნავია: „საბჭოთა კავშირი: უტოპიიდან  კატასტროფამდე“ (USSR: From Utopia to Disaster”), „განაჩენი მოსკოვში“ (Judgment in Moscow), „რუსეთის სხვა მწერლები“ (Russia’s Other Writers) და სხვა. ცნობილ წიგნში „სახელმძღვანელო ფსიქიატრიაზე დისიდენტებისთვის” (Manual on Psychiatry for Dissenters) ბუკოვსკიმ ისაუბრა პოლიტიკური ფსიქიატრიის პოტენციურ მსხვერპლზე და ასევე ინსტრუქციებზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს დისიდენტი სასამართლო დაკითვის დროს, რომ ფსიქიკურად ავადმყოფად არ მიიჩნიონ.

ბანერები