ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ედუარდო მენდოსა და ბარსელონა – „საოცრებათა ქალაქი“ – შეხვედრა „ლიგამუსში“

ღონისძიებები

26 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შეხვედრაზე: ედუარდო მენდოსა და ბარსელონა – „საოცრებათა ქალაქი“.

ესპანელი მწერლის რომანზე ისაუბრებენ მთარგმნელი ლანა კალანდია და ბელა წიფურია.

შეხვედრაზე გაიმართება ედუარდო მენდოსას „საოცრებათა ქალაქის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია (გამომცემლობა „ინტელექტი“, 2018).

„საოცრებათა ქალაქი“ (1986) ცნობილი ესპანელი მწერლის, სერვანტესის პრემიის ლაურეატის (2016), ედუარდო მენდოსას გახმაურებული რომანია. წიგნში მოთხრობილია მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბარსელონის მშფოთვარე ცხოვრება. ქალაქის სოციალური და ეკონომიკური გარდაქმნის ფონზე მწერალი გვიამბობს პროვინციიდან დიდ ქალაქში ჩამოსული ბიჭის, ონოფრე ბოუვილას საოცარ თავგადასავალს. ანარქისტების დაქირავებული პროპაგანდისტიდან მსოფლიოში ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანამდე მთავარი გმირის მიერ გასავლელი გზა ეპოქის უმნიშვნლოვანესი ისტორიული მოვლენების კონტექსტშია ნაჩვენები. ბარსელონაში ჩატარებულ ორ უნივერსალურ გამოფენას შორის მოქცეულია ონოფრე ბოუვილას ცხოვრებაც და ქალაქის ტრანსფორმაციაც – თუ როგორ იძენს ბარსელონა საკუთარ იდენტობასა და საერთაშორისო მნიშვნელობას. რომანს ფონად გასდევს კატალანურ-ესპანური დაპირისპირების ისტორიული მოტივებიც.

დრო: 26 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები