ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ინგლისურ–ქართული ონლაინ-ლექსიკონის პრეზენტაცია

ღონისძიებები

ილიაუნის სტუდენტებისათვის დიდი ინგლისურ–ქართული ონლაინ–ლექსიკონი ხელმისაწვდომი გახდა. 31ოქტომბერს, 15.00 საათზე  წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი წარმოგიდგენთ დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონს, რომელიც 2010 წლის თებერვალში განთავსდა ინტერნეტში მისამართზე: www.dictionary.ge. ლექსიკონს საფუძვლად დაედო ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ტომები (www.margaliti.ge), რომელსაც ლექსიკოგრაფიული ცენტრი გამოსცემს 1995 წლიდან.

ლექსიკონის შესახებ

დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში დღეისათვის შესულია 110 000-მდე სიტყვა-სტატია. იმის გათვალისწინებით, რომ სალექსიკონო სიტყვა-სტატიებში მაქსიმალურად სრულადაა ასახული ინგლისური სიტყვების პოლისემია, შეტანილია უამრავი შესიტყვება, ფრაზეოლოგიური ერთეული, დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური, ხელოვნების თუ სხვა სფეროებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია - ლექსიკონში შესული მთლიანი მასალა 800 000-მდე ერთეულს აღწევს.

ონლაინ-ლექსიკონის საძიებო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია როგორც ინგლისური, ისე ქართული სიტყვების, შესიტყვებების, ფრაზების მოძიება. დეტალური ინფორმაცია საიტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და ვიდეოინსტრუქციები განთავსებულია ბლოკში „ლექსიკონის ინსტრუქცია“. ლექსიკონზე მუშაობა დაუსრულებელი პროცესია. ენა მუდმივად იცვლება  საზოგადოების ცვლილების კვალდაკვალ. ენაში ჩნდება ახალი სიტყვები, ან უკვე არსებულ სიტყვებს უვითარდება ახალი მნიშვნელობები; ხმარებიდან გადის რიგი სიტყვებისა და მნიშვნელობებისა; ჩნდება უამრავი ახალი რეალია, რასაც ასახვა სჭირდება ენაში. დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი „ცოცხალი ლექსიკონია“. ლექსიკონის სარედაქციო კოლეგია მუდმივ რეჟიმში განაგრძობს ლექსიკონის ახალი სიტყვა-სტატიებით შევსებას, მნიშვნელობების დახვეწა-დაზუსტებას.

ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია ინგლისური ენის სპეციალისტებისათვის, პედაგოგებისათვის, მთარგმნელებისათვის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის, რომელთაც დარგობრივ ტექსტებთან უხდებათ მუშაობა; ლექსიკონი ასევე განკუთვნილია სტუდენტებისათვის, ზოგადად ინგლისური ენის შემსწავლელთათვის და ინგლისური ენით დაინტერესებული პირებისათვის.

ბანერები