ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიგამუსის კალენდარი

ჰოვარდ გოსპელ გუნდის ვორქშოფი

ღონისძიებები

პარასკევს, 2013 წლის 13 დეკემბერს, 13:00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ ჰოვარდის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი) ჰოვარდ გოსპელ გუნდი ჩაატარებს ვორქშოფს თემებზე „გოსპელი და მისი ზეგავლენა ამერიკის პოპულარულ მუსიკაზე“ და „გოსპელ მუსიკის შესრულება“

1968 წლის შემოდგომაზე მელანი რასელმა და როზალინდ თომფკინსმა ჩამოაყალიბეს ჰოვარდ გოსპელ გუნდი (Howard Gospel Choir - HGC), რომელიც გახლდათ პირველი საუნივერსიტეტო ტიპის გოსპელ გუნდი მთელს მსოფლიოში. ამ გუნდში მონაწილეობდნენ 17 წლიდან ასაკის ჰოვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები და უნივერსიტეტთან ახლო მცხოვრები მოქალაქეები. ამ გუნდის აღზრდილები არიან რიჩარდ სმოლვუდი (გრემის პრემიის მფლობელი), კორ კოტონი (ჯგუფის „Sounds of Blackness“ წევრი), ელბერნიტა „თვინკი“ კლარკი (ლეგენდარული „Clark Sisters“-იდან) და R&B მიმართულების ვარსკვლავი ენჯელა უინბუში.

თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ჰოვარდის გოსპელ გუნდს მიღებული აქვს მრავალი პრემია სხვადასხვა ფესტივალებსა თუ კონკურსებზე. გუნდს ხშირად ეპატიჟებიან  ამერიკის ისეთ მნიშვნელოვან დაწესებულებებში, როგორიცაა თეთრი სახლი, კაპიტოლის შენობა, ვაშინგტონის ეროვნული საკათედრო ტაძარი, ჯონ ფ. კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრი, კორკორანის ხელოვნების გალერეა, ლინკოლნის მემორიალი და სხვა.
ჰოვარდის გოსპელ გუნდი მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში ამერიკელ ვარსკვლავებთან (მაგ., სტივი უანდერთან) ერთად. 2008 წლის სექტემბერში გუნდი მოწვეული იყო “American Idol“-ში, სადაც იმ წლის გამარჯვებულ Fantasia-თან ერთად შეასრულა სიმღერა „I Believe“. 2009 წელს ჰოვარდის გოსპელ გუნდმა პრეზიდენტ ბარაქ ობამას ინაუგურაციისადმი მიძღვნილ შვიდ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

წელს ჰოვარდის უნივერსიტეტის გოსპელ გუნდი საქართველოს ესტუმრა, სადაც ის კონცერტებს ჩაატარებს თბილისსა და ბათუმში. კონცერტებთან ერთად გუნდი რამდენიმე ვორქშოფს სთავაზობს ქართველ სტუდენტებს, რომელთა შორის არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტებიც.

ბანერები