ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

IV საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“

ღონისძიებები

2016 წლის 21-24 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება IV საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“.

ტაო-კლარჯეთი კრებითი სახელია თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ისტორიული პროვინციებისა (ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა, არტაანი, ჩრდილი და სხვ.). გამორჩეული მდებარეობის მრავალფეროვანი რეგიონი ათასწლეულების განმავლობაში არაერთი სახელმწიფოს, ხალხისა და კულტურის შეხვედრის ადგილი იყო.

ტაო-კლარჯეთი მდიდარია ისტორიულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, საეპისკოპოსო და სამონასტრო ცენტრებით, ეკლესიებით, უძველესი პერიოდისა და შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო ნაგებობებით, მონუმენტური ფერწერითა თუ რელიეფებით, ხელნაწერებითა და ოქრომჭედლობის ნიმუშებით.

დიდი თუ ლოკალური პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეთნოკონფესიური პროცესები საუკუნეების განმავლობაში თავის კვალს ტოვებდა ტაო-კლარჯეთში მცხოვრებთა ყოფა-ცხოვრებაზე, რელიგიაზე, ტოპონიმებზე, ენებსა და დიალექტებზე.

უძველეს ეპოქაში აქ წარმოქმნილმა სახელმწიფოებრივმა გაერთიანებებმა, შუა საუკუნეებში აქ არსებულმა საერო და საეკლესიო ცენტრებმა განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართული კულტურის ისტორიაში.

სამწუხაროდ, საუკუნეებისა და ათწლეულების განმავლობაში ძალზე შეზღუდული იყო რეგიონის დათვალიერებისა და კვლევის შესაძლებლობა. თუმცა, დღეს ტაო-კლარჯეთს ბევრი მკვლევარი სტუმრობს, საგრძნობლადაა გაზრდილი მხარის ტურისტული პოტენციალიც.

ყოველივე ამან ტაო-კლარჯეთის რეგიონის მიმართ გამორჩეული სამეცნიერო და საზოგადოებრივი ყურადღება გამოიწვია. 2010 წელს საფუძველი ჩაეყარა ინტერდისციპლინურ საერთაშორისო კონფერენციასაც, რომელმაც უკვე ტრადიციული სახე მიიღო.

  • სამუშაო სექციები
  • ისტორია / არქეოლოგია / წყაროთმცოდნეობა
  • ხელოვნების ისტორია
  • ფილოლოგია / ენათმეცნიერება
  • ეთნოლოგია
  • რესტავრაცია-კონსერვაცია
  • ტურიზმი / კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი / გეოგრაფია  

სამუშაო ენები

  • ქართული
  • ინგლისური
  • თურქული

თეზისები

  • წარმოდგენის ბოლო ვადა: 30 მაისი
  • სიმბოლოთა რაოდენობა: 2.000-4.000
  • საორგანიზაციო ჯგუფის დასტური მონაწილეობის შესახებ: 30 ივნისამდე

მოხსენება

  • წარმოდგენის ბოლო ვადა: მონაწილეობის შესახებ დასტურის მიღებიდან 1 თვეში (30 ივლისი)
  • შრიფტი: Acadnusx, Sylfaen, Times New Roman
  • სიმბოლოთა მაქსიმალური რაოდენობა: 13.000

შენიშვნები

  • ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და არ უნდა იყოს წაკითხული სხვა კონფერენციაზე.
  • თეზისებში ნათლად უნდა იყოს გამოკვეთილი კვლევის შედეგები

კონფერენციის მსვლელობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 21-24 სექტემბერი, 2016

საკონტაქტო ინფორმაცია

ელფოსტა: taoklarjeti@iliauni.edu.ge
ტელ.: (+995 599) 17 12 26


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები