ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინტენსიური კურსი „ომიკების მონაცემთა ინტეგრაცია“

ღონისძიებები

„მულტი-ომიკების“ მონაცემთა ანალიზის ორდღიანი ინტენსიური კურსის „ომიკების მონაცემთა ინტეგრაცია“ თბილისი,2018 ფარგლებში უცხოელი ინსტრუქტორები წარმოგვიდგენენ მაღალი წარმადობის ბიოლოგიურ მონაცემთა ანალიზის, ვიზუალიზაციისა და ინტეგრაციის პრაქტიკულ მაგალითებს  სტატისტიკური პროგრამირების R ენის გამოყენებით. კურსი ფოკუსირებული იქნება ტრანსკრიპტომიკის (RNA-seq), მეთილაციის (Methy-seq) და ქრომატინის შეღწევადობის (ATAC-seq) მონაცემებზე.

კურსი ითვალისწინებს რამდენიმე პრაქტიკულ სემინარს, რომელთა ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებულ რეალურ სირთულეებს. პროგრამის ბოლოს მონაწილეები შეძლებენ ცალკეული „ომიკების“ მონაცემთა საბაზისო ანალიზს და ეცოდინებათ კონკრეტული ტიპის „ომიკების“ ინტეგრაციული ანალიზის ძირითადი სტრატეგიები.

„ომიკების“ ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, ვიკვლიოთ უჯრედული მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს ბიოლოგიურ პროცესებს. „ომიკების“ მონაცემების დამუშავებამ მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა ბიოლოგიასა და ბიომედიცინაში, კერძოდ, ხელი შეუწყო ახალი დარგების, მათ შორის ზუსტი მედიცინის, განვითარებას.

ინსტრუქტორები

დავიდ გომეზ კაბრერო, ტრანსლაციური ბიოინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნავარაბიომედი, პამპლონა, ესპანეთი
ნურია პლანელ პიკოლა, ბიოინფორმატიკოსი, ტრანსლაციური ბიოინფორმატიკის დეპარტამენტი, ნავარაბიომედი, პამპლონა, ესპანეთი
ვინჩენცო ლაგანი, ასოცირებული პროფესორი ბიოინფორმატიკის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

მოთხოვნები
რეკომენდებულია შემდეგი წინაპირობების დაცვა:

• ძირითადი უჯრედული პროცესების ცოდნა: რნმ-ის ტრანსკრიფცია და ეპიგენეტიკური მექანიზმები. მოსამზადებელი მასალები ხელმისაწვდომი იქნება არაბიოლოგიური განათლების მქონე მონაწილეებისათვის.
• პროგრამირების (სასურველია R პროგრამის) საფუძვლების ცოდნა. პროგრამირების უნარ-ჩვევების არმქონე მონაწილეები შეძლებენ კურსის ძირითადი კონცეპტების გაგებას. პრაქტიკულ სემინარებზე მონაწილეობისათვის სასურველია R სტატისტიკური პროგრამირების ენის საფუძვლების გაცნობა, რაც შესაძლებელია DataCamp-ის უფასო ოთხსაათიან სემინარზე.

მონაწილეებს თან უნდა ჰქონდეთ ლეპტოპები.

„ომიკების“ მონაცემთა ინტეგრაცია თბილისი, 2018: ღონისძიება-ანალოგი

„ომიკების“ მონაცემთა ინტეგრაცია თბილისი, 2018 წარმოადგენს შემდეგი თაობის თანმიმდევრულობისა (NGS) და მონაცემთა ინტეგრაციის თემაზე STATegra პროექტის ფარგლებში ორგანიზებული კურსის ანალოგს, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 24–28 სექტემბერს ნავარაბიომედში.

Espurna2K–ის ანალოგი ღონისძიებები ითვალისწინებს მაღალი დონის საგანმანათლებლო ინიციატივების გავრცელებას ისეთ ცენტრებში, სადაც მსგავსი ინიციატივები არ ხორციელდება. ამ ღონისძიებების მიზანია სპეციფიკური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება, ეფექტური პროცესების სტიმულირება და მდგრადი და დამოუკიდებლად განვითარებადი სამეცნიერო ჯგუფების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

დრო: 26–27 ნოემბერი, 2018 წელი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია ( ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსი უფასოა.

რეგისტრაცია: კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონული ფორმის საშუალებით არა უგვიანეს 2018 წლის 18 ნოემბრისა. მონაწილეების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომელთა პროფილი უფრო მეტად შეესაბამება კურსის მოთხოვნებს.

კონტაქტი: contact@espurna2k.org

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები