ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კონფერენცია: „როგორ ვიმსჯელოთ სუბალტერნზე პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში? - კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“

ღონისძიებები

23-24 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება კონფერენცია: "როგორ ვიმსჯელოთ სუბალტერნზე პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში? - კულტურა, ისტორია, პოლიტიკა".

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები, პროფესორები, სტუდენტები, ვიზუალური არტისტები, ფოტოგრაფები და ლიტერატორები.

იტალიელი თეორეტიკოსის, ანტონიო გრამშის მიერ შემოტანილი ტერმინი „სუბალტერნი“, ჩვეულებისამებრ, „დაქვემდებარებულს“, „დაბალი რანგის“ სოციალურ ჯგუფებსა თუ ადამიანთა კატეგორიებს აღნიშნავს.

თანამედროვე თეორიულ დისკურსებში ”სუბალტერნული” ჰეგემონიის მიღმა მყოფ ჯგუფებს ეწოდებათ, რომელთა არსებობა ოფიციალურ კულტურაში არ აისახება, „მათი ხმა არ ისმის“ და, შესაბამისად, მათი არსებობა დისკურსულ დონეზე მხოლოდ არასაკუთარი, სხვისი პერსპექტივიდან აღიწერება. პოსტკოლონიურ და პოსტიმპერიულ კონტექსტებში ამ ტერმინის მსგავსი შინაარსი გამოიყენება ყოფილი იმპერიისა და კოლონიის, აგრეთვე ჰეგემონიური დასავლეთის აღმოსავლეთთან და, ზოგადად, „მესამე სამყაროს“ ქვეყნებთან მიმართებაში.

კონფერენციის მიზანია როგორც სუბალტერნის თეორიულ ინტერპრეტაციებზე მსჯელობა, ისე მასთან დაკავშირებული თემატიკის პოსტსოციალისტური ქვეყნების, განსაკუთრებით, საქართველოს კონტექსტში გადმოტანა და კვლევების შესაძლო პერსპექტივების განხილვა.

კონფერეციის დრო და ადგილმდებარეობა:

23 ოქტომბერი - G106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. №1)
24 ოქტომბერი - E207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

ბანერები