ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - პოლიტოლოგიის ინსტიტუტი

ღონისძიებები

22 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი.

გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე „ქართული პოლიტიკური აზროვნების ანალიზის სათავეებთან“ წაიკითხავს მალხაზ მაცაბერიძე.

ანოტაცია

XX საუკუნის დამდეგს საქართველოში ერთ-ერთ საინტერესო კვლევით მიმართულებად ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკური აზროვნების შესწავლა და მისი დამახასიათებელი ნიშნების განსაზღვრა. თემა აქტიური განხილვის საგანი იმ მკვლევართა მხრიდან გახდა, რომლებიც ეროვნულ-პატრიოტულ მიმართულებას მიეკუთვნებოდნენ; განხილვის აქტუალობა კი იმან განაპირობა, რომ იმდროინდელ საქართველოში გვერდიგვერდ არსებობდა და ერთმანეთს უპირისპირდებოდა ფასეულობებითა და აზროვნების სტილით ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე პოლიტიკური მიმდინარეობა. კვლევაში განხილულია კიტა აბაშიძის, არჩილ ჯორჯაძის, ივანე ჯავახიშვილის და კონსტანტინე გამსახურდიას ის ნაშრომები, რომლებშიც მოცემულია ქართული პოლიტიკური აზრის მიმდინარეობანი და მათთვის დამახასიათებელი თავისებურებანი. საბჭოთა პერიოდში ქართული პოლიტიკური აზროვნების კვლევა შეწყდა.

  • მოხსენებას თემაზე „საქართველოს 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო დებატების ანალიზი: დელიბერაციის ხარისხი პოლიტიკურ პარტიებს შორის (ჰაბერმასის დისკურსის ეთიკის მიხედვით) “ წაიკითხავს ნანა მაჭარაშვილი.

ანოტაცია

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ნაშრომი, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტში შემდგარი დებატების ანალიზი, რაც წინ უძღვოდა 1995 წლის კონსტიტუციის მიღებას. აღნიშნული კვლევა დაეყრდნო დისკურსის ხარისხის ინდექსს (DQI), რომელიც ეფუძნება ჰაბერმასის დისკურსის ეთიკას. კვლევითი ჩარჩო მაქსიმალურად ზუსტად წარმოადგენს პოლიტიკურ დებატების თუ დიალოგის მნიშვნელოვან პრინციპებს.
თემაზე მომუშავე მკვლევრებმა მოიპოვეს აღნიშნული დისკუსიების სტენოგრამები; მათი შესწავლის შემდგომ კი გამოვლინდა ის გამოსვლები, რომელთა შეფასება შესაძლებელი იყო აღნიშნული საკვლევი ინსტრუმენტით. მთლიანობაში 7 კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა 91 გამოსვლა. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი კრიტერიუმი მთლიანად იყო დამოკიდებული მკლვევრის სუბიექტურ მოსაზრებებზე, სამუშაოში ჩართული იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებიც დამოუკიდებლად ახდენდნენ გამოსვლების შეფასებას, ხოლო საბოლოო ეტაპზე კი ხდებოდა მათი შეჯერება, რათა მკვლევრის სუბიექტურობის ფაქტორი მინიმუმამდე დაყვანილიყო.

დრო: 22 დეკემბერი, 17: 00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები