ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ეკოლოგიის ინსტიტუტი

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი.

გაიმართება 3 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე „დნმ მარკერები და ახალი ცოდნა: ხვლიკიდან ადამიანამდე“ წაიკითხავს პროფესორი დავით თარხნიშვილი.

ანოტაცია

ეკოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს ერთადერთი სრულად აღჭურვილი მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია ინტენსიურად შესწავლად მრავალ  ობიექტს შორის არიან კავკასიის კლდის ხვლიკები, რომლებიც გამოირჩევიან ხერხემლიანი ცხოველებისთვის უჩვეულო მრავალფეროვნებითა და უსქესო ფორმების არსებობით, და ადამიანი, რომლის პოპულაციის გენეტიკური სტრუქტურა უფრო ემსგავსება სხვა მსხვილი ძუძუმწოვრების პოპულაციურ სტრუქტურას, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ. ბოლო წლის განმავლობაში ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფის გამოქვეყნებული ნაშრომები  (სულ 5 სამეცნიერო სტატია) სწორედ ამ ორ კვლევის ობიექტს ეხება. მოხსენებაში წარმოდგენილია ორი სტატიის ძირითადი შედეგები. პირველია კვლევა უსქესო ხვლიკების ევოლუციის შესახებ. ეს ფორმები დაშორებული სახეობების ჰიბრიდიზაციის შესახებ ჩნდება და მიმდინარეობს მრავალწლიანი კამათი იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად ხდება შეჯვარებები, რომელთა შედეგად ახალი უსქესო ფორმა ჩნდება. მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შეჯვარებები იშვიათია, მაგრამ დროდადრო - შესაძლებელი. გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ორი უსქესო „სახეობა“, Darevskia dahli და D. armeniaca, ერთადერთი შეჯვარების შედეგია, რომელიც მოხდა რამდენიმე ათასი წლის წინათ, ხოლო მათი შემდგომი გენეტიკური და მორფოლოგიური მრავალფეროვნება გაიზარდა უსქესო ხვლიკების სქესობრივი სახეობის მამრებთან რამდენიმე შეჯვარების შედეგად. ეს მნიშვნელოვნად ცვლის აქამდე არსებულ წარმოდგენებს და აჩვენებს, რომ უსქესო გამრავლება ქვეწარმავლებში არაა ევოლუციური ჩიხი, როგორც ადრე წარმოედგინათ. რაც შეეხება ადამიანის ევოლუციას, გაზაფხულზე დაიბეჭდა სტატია, რომელიც აკავშირებს ევრაზიაში გავრცელებული ადამიანების გენეტიკურ ცვალებადობას იზოლაციასთან, რაც გამოიწვია გამყინვარების ბოლო ტალღამ. ჩვენს ლაბორატორიაში შექმნილი სივრცული მოდელი აჩვენებს, რომ სავანა არის პირველყოფილი ადამიანის ოპტიმალური საცხოვრებელი ლანდშაფტი, ხოლო სავანების განაწილება გამყინვარებისას იყო ხალობრივი, და მათ შორის არსებობდა ძნელად გამავალი ლანდშაფტები - ტუნდრები და ცივი უდაბნოები. ამის შედეგად ჩამოყალიბდა ადამიანის გენეტიკური სტრუქტურა, რომელიც ბოლო 15 ათასი წლის განმავლობაში ასიმილაციის შედეგად თანდათან იცვლება.

  • მოხსენებას თემაზე „შავი ზღვის ვეშაპისნაირთა პოპულაციების მდგომარეობა და ევოლუციური ისტორია“ წაიკითხავს პროფესორი ნათია კოპალიანი.

ანოტაცია

მოხსენებაში, შავი ზღვის ვეშაპისნაირების მიტოქონდრიული დნმ-ის შესწავლის საფუძველზე, განხილული იქნება დელფინების შავ ზღვაში მოხვედრის, მათი იზოლაციის ხარისხის დამიგრაციის საკითხები; აგრეთვე, შავ ზღვაში უჩვეულო შეფერილების მქონე დელფინების შეხვედრის შემთხვევები და მისი გამომწვევი მიზეზები. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: პოპულაციების შეფასება, საქართველოს სანაპირო წყლების გამოყენების ცვლილება სეზონების მიხედვით, მნიშვნელოვანი ტერიტორიები, ნადირობის ქცევა და სხვ. 

  • მოხსენებას თემაზე „მაღალმთის მცენარეულობა - კლიმატის გლობალური ცვლილების ბიოინდიკატორი“ წაიკითხავს პროფესორი ოთარ აბდალაძე.

დრო: 19 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები