ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი

ღონისძიებები

22 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი.
გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  •  მოხსენებას თემაზე „სახელმწიფო დემოგრაფიული სტატისტიკისა და შეფასებით დემოგრაფიულ მაჩვენებელთა შორის განსხვავებები საქართველოში“ წაიკითხავს პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე.

ანოტაცია

საქართველო, თავისი დემოგრაფიული განვითარებით, დღეისათვის იმყოფება მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვედან უახლეს ტიპზე გარდამავალ პერიოდში. დემოგრაფიული განვითარების კანონზომიერებიდან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის დამახასიათებელია შობადობის შემცირება და მოკვდავობის ზრდა, რასაც მოსახლეობის აღწარმოების უახლეს ტიპზე დეპოპულაცია (მოკვდავობის გადამეტება შობადობაზე) მოჰყვება.
მიუხედავად ამისა, არსებული დემოგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში აღინიშნება მსოფლიო დემოგრაფიული განვითარების ძირითადი სქემიდან გადახრა, რასაც ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების სპეციფიკური თავისებურებები და არსებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება განაპირობებს.
შესაბამისად, მოსახლეობის აღწარმოების თვალსაზრისით, დღეისათვის საქართველო განვითარებული ქვეყნების, ხოლო, გარემიგრაციის თვალსაზრისით, ნაკლებ განვითარებული ქვეყნების მსგავსია.

  • მოხსენებას თემაზე „მართლმადიდებელ მორწმუნეთა დამოკიდებულება ოჯახის პრობლემებისადმი“ წაიკითხავს პროფესორი ლელა მენაბდიშვილი.

ანოტაცია

2015 წლის ბოლოს (ნოემბერ-დეკემბერში) ქ. თბილისსა და რუსთავში მართლმადიდებელ მორწმუნეებში (1000 რესპოდენტი) ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე გაანალიზებულია რესპონდენტთა დამოკიდებულება - მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებისადმი; ქორწინების ფორმებისადმი (თანაცხოვრება, რელიგიური ქორწინება, იურიდიული ქორწინება); ქორწინების ოპტიმალური ასაკისადმი; მეუღლეთა ერთგულებისადმი; ოჯახის უფროსის ინსტიტუტისადმი; მეუღლეთა ლიდერობისადმი; ოჯახური პასუხისმგებლობისადმი; ოჯახური ცხოვრებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებისადმი; განქორწინებისადმი; ასევე, რეპროდუქციული ქცევა და შობადობის შიგაოჯახური კონტროლი.
რიგი საკითხები შედარებულია ჩვენი ინსტიტუტის მიერ 2004 წელს ამავე სოციალურ ჯგუფებში და, აგრეთვე, 2013 წელს სხვა სოცილურ ჯგუფებში ჩატარებულ კვლევის შედეგებთან.

დრო: 22 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები