ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ეკოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში - სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

ღონისძიებები

12 დეკემბერს სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს.

  • 18:30 საათზე პროფესორი ოთარ აბდალაძე წარადგენს ანგარიშს „ცხოვრება მცენარეთა გავრცელების ზედა ზღვარზე: სტრუქტურული და ფუნქციური ასპექტები".
    მოხსენებაში განხილულია ცენტრალური კავკასიონის სუბნივალურ და ნივალურ სარტყლებში ჭურჭლოვან მცენარეთა სახეობებისგან შემდგარი მცენარეული მიკროთანასაზოგადოებების მრავალფეროვნება, სტრუქტურა, სივრცული განაწილების (ჰიფსომეტრული და ექსპოზიციური) კანონზომიერებანი, ნანოჰაბიტატების პრეფერენციისა და მცენარეთაშორისი პოზიტიური და ნეგატიური ურთიერთობების საკითხები, მცენარეთა ფუნქციური ეკოლოგიის ზოგიერთი ასპექტი (ტემპერატურის რეჟიმი), გამოვლენილია კლიმატის გლობალური ცვლილების მიმართ შედარებით სენსიტიური და რეზისტენტული სახეობები და გაანალიზებულია სუბნივალურ-ნივალური მცენარეულობის ტრანსფორმაციის მოსალოდნელი ტენდენციები. 
  • 19:00 საათზე პროფესორი ნათია კოპალიანი წაიკითხავს მოხსენებას „მგლისა და ტურის პოპულაციების სტრუქტურა, ისტორიული და თანამედროვე გავრცელება საქართველოში".
    საქართველოში გამოვლინდა მგლისა და ძაღლის ჰიბრიდიზაციის  გაცილებით მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ევროპის ტერიტორიაზე აქამდე განხორციელებული კვლევების მიხედვით იყო ცნობილი. როგორ გამომჟღავნდა გენთა მიმოცვლა მგლისა და ძაღლის პოპულაციებს შორის და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა მგლის პოპულაციის სტრუქტურაზე? ხდება თუ არა ჰიბრიდიზაცია ძაღლებსა და სხვა ძაღლისებრის, ტურას შორის? როგორია ტურის პოპულაციური სტრუქტურა საქართველოში და რამდენად განსხვავდება იგი სიმპატრული მგლის პოპულაციური სტრუქტურისგან? რა ინფორმაცია შეიძლება ამოვიკითხოთ გენებიდან პოპულაციების გავრცელებაზე წარსულში და თანამედროვე გავრცელების მიმართულებაზე? 
  • 19:30 საათზე პროფესორი დავით თარხნიშვილი წარადგენს ორ ანგარიშს: სახეობათა წარმოქმნა და უსქესო გამრავლება - კლდის ხვლიკების ფენომენი“ და „ადამიანის გენეტიკა კავკასიაში: დიდი კავკასიონის მოსახლეობა თითქმის არ შეცვლილა ზედა პალეოლითიდან". 
    „სახეობათა წარმოქმნა და უსქესო გამრავლება - კლდის ხვლიკების ფენომენი"  - კავკასიის კლდის ხვლიკები (Darevskia) უნიკალური ჯგუფია: არც ერთ არატროპიკულ ხერხემლიანს არ ახასიათებს ასეთი სახეობრივი მრავალფეროვნება მცირე გეოგრაფიულ სივრცეში. მათ შორისაა უსქესო სახეობები, რომლებიც წარმოიქმნა 7-9 მილიონი წლის წინათ დაშორებულ სახეობებს შორის ჰიბრიდიზაციის შედეგად. აქამდე ითვლებოდა, რომ ასეთი უსქესო ფორმები ევოლუციის „ბრმა შტოს" წარმოადგენენ და მათ არ გააჩნიათ ევოლუციური პერსპექტივა. ჩვენს ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევამ გამოავლინა, რომ ეს წარმოდგენა მცდარია. უსქესო ჰიბრიდული ფორმების სქესობრივ სახეობებთან ბექქრისის შედეგად წარმოიქმნება ახალი უსქესო „სახეობები", რომლებიც იქამდე აუთვისებელ ეკოლოგიურ ნიშებს იკავებენ.
    „ადამიანის გენეტიკა კავკასიაში: დიდი კავკასიონის მოსახლეობა თითქმის არ შეცვლილა ზედა პალეოლითიდან" - კავკასიის მოსახლეობის გენეტიკა მკვლევართა ყურადღების ცენტრშია. გენეტიკოსები ძირითადად იკვლევენ, რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან ეთნიკური და ლინგვისტური ჯგუფები. ჩვენს ლაბორატორიაში ადამიანის გენეტიკის კვლევა 2013 წლიდან მიმდინარეობს. სამ სტატიაში, რომელთაგან ბოლო 2017 წელს გამოვიდა, ნაჩვენებია, რომ ჩვენს რეგიონში საკმაოდ იოლოდ იცვლებოდა ეთნიკური და ლინგვისტური საზღვრები, ამავდროულად, მოსახლეობის გენეტიკური სურათი თითქმის უცვლელი რჩებოდა ათასწლეულების განმავლობაში. ადამიანის პოპულაციების გენეტიკური ასიმილაციის ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი დღესაც რთული მთიანი ლანდშაფტი და გამყინვარებისდროინდელი იზოლაციის სურათია და არა გვიანდელი გადასახლებები და ეთნოგენეზი. ეს განსაკუთრებით დიდი კავკასიონის მთებს ეხება. ბოლო წლის განმავლობაში ცალკეული გენეტიკური მერკერებიდან ჩვენ მთლიანი გენომის შესწავლაზე გადავედით და წინასწარი შედეგები ძირითადად ემთხვევა უკვე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს. 
 

დრო: 12 დეკემბერი, 18:30-20:00 საათი;

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5

დასწრება თავისუფალია.


 

ბანერები