ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებები

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა, გაიხსნა ნომინირებისა და აპლიკაციის წარდგენის პერიოდიც.

კონკურსი, რომელიც განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით წელს მეშვიდედ ტარდება, მიზნად ისახავს წარმატებულ მასწავლებელთა გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამგვარად პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

ღონისძიების ორგანიზატორებმა ისაუბრეს კონკურსის პირობების, კამპანიის ეტაპების, ჟიურის, მხარდამჭერებისა და ფინალური ღონისძიების შესახებ.  შეხვედრაზე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი განათლების კოალიციასა და ალტე უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმის თანახმად ალტე უნივერსიტეტი ხდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პარტნიორი და რჩეულ მასწავლებელს 2023 წლის ფინალზე დააჯილდოებს, ალტე უნივერსიტეტი იქნება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის ექსკლუზიური პარტნიორიც.

წელს მეშვიდედ ვიწყებთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიას და მოხარულები ვართ, რომ დღეს ეს ქვეყანაში ყველაზე ცნობილი, პრესტიჟული და აღიარებული პროფესიული კონკურსი. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი პროექტში ჩართული საზოგადოებრივი თუ კერძო სექტორის წარმომადგენელთა წარმატებული თანამშრომლობა და განათლების სფეროსა და საზოგადოებაში აღიარებული ადამიანებით დაკომპლექტებული ჟიური. წელს ამ მიმართულებით გვაქვს სიახლეები, ჟიურის ჰყავს ახალი წევრებ: ლიკა ღლონტი (პროექტის EU4Dialogue ხელმძღვანელი) და დავით გორგილაძე (მწერალი); მხარდამჭერთა რიცხვს ალტე უნივერსიტეტი შემოუერთდა. ტექნიკური თუ პროცედურული კუთხით რაიმე თვისებრივი ცვლილება არ გვაქვს. შესაბამისად, მასწავლებლებისთვის ყველაფერი ნაცნობია და ველოდებით მათ აქტიურობას, –განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძემ.

„ილიაუნი 2019 წლიდან თანამშრომლობს განათლების კოალიციასთან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში. მსგავსი ღონისძიებების მიზანი განათლების, განსაკუთრებით სასკოლო, სფეროში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და, ზოგადად, სასკოლო განათლების განვითარებაა. ილიაუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მეცნიერული რეაგირებაა, ამ თვალსაზრისით უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისა და საზოგადოების მდგრადი განვითარების კუთხით. მიგვაჩნია, რომ დღევანდელი ქართული საზოგადოების მომავალი გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი ხაზი განათლებაზე გადის, განათლების სისტემაში კი განსაკუთრებული როლი აკისრია სასკოლო განათლებას. შესაბამისად, როგორც ამ კონკრეტული ჯილდოს ფარგლებში, ისე სხვა სამეცნიერო და აკადემიური პროექტებით ილიაუნი მაქსიმალურად უჭერს მხარს ნებისმიერ პროექტსა თუ ინიციატივას, რომელთა საბოლოო მიზანი სკოლის გაძლიერება, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და განათლების სისტემაში ამ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლის სამომავლო განვითარებაა“, – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა გიორგი გვალიამ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 17 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. 

მასწავლებლების წარდგენა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

2023 წელი

ბანერები