


”შვეიცარია - მრავალენოვანი და კულტურული მრავალფეროვნების ქვეყანა”
მიმდინარე წლის 25 და 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია "შვეიცარია - მრავალენოვანი და კულტურული მრავალფეროვნების ქვეყანა". ღონისძიება ჩატარდა შვეიცარიის საელჩოს ხელშეწყობით, მონაწილეობას იღებდნენ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებებისა და ხელოვნების ფაკულტეტის რომანისტიკის სპეციალობის სტუდენტები.
კონფერენცია შვეიცარიის ჰიმნით გაიხსნა, რომელიც შვეიცარიის ოთხ ოფიციალურ ენაზე (ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად და რომანშის ენაზე) უნივერსიტეტის ქალთა გუნდმა შეასრულა. საქართველოსა და შვეიცარიის ჰიმნების შესრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგი თევზაძე და შვეიცარიის ელჩი საქართველოში, დოქტორი ლორენცო ამბერგი.
25 ნოემბერს, კონფერენციის პირველ დღეს, წარმოდგენილი იყო შვეიცარიის ისტორია, კულტურა და ხელოვნება. სტუდენტებმა ისაუბრეს შვეიცარიის ენობრივ და კულტურულ თავისებურებებზე, შვეიცარიულ კინოსა და თეატრზე, შვეიცარიის ოთხენოვან ლიტარტურაზე და ა.შ. კონფერენციის მეორე დღე, 26 ნოემბერი, მიეძღვნა შვეიცარიის ფრანგულენოვან ლიტერატურას. ამჯერად სტუდენეტებმა ისაუბრეს შვეიცარიელ ფრანგულენოვან მწერლებზე (ბლეზ სანდრარი, აგოტა კრისტოფი, ჟან პაში, ჟაკ მარკანტონი, ჟან-კლოდ ფონტანე, გასტონ შერპიო, ედმონ-ანრი კრისინელი), წაიკითხეს ნაწყვეტები ცნობილი ნაწარმოებებიდან და ამ ნაწყვეტების ქართული თარგმანები. კონფერენციის დასასრულს ელჩმა ყველა მონაწილე მიიწვია შვეიცარიის ეროვნულ დღესასწაულზე მიიწვია და სთხოვა უნივერსიტეტის გუნდს ამ დღესასწაულზე შვეიცარიისა და საქართველოს ჰიმნების შესრულება.