ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის კონგრესი 2016 და ქსელის პრეზიდენტად გიგა ზედანიას ინაუგურაციის ცერემონია

ახალი ამბები

12-14 მაისს, ღონისძიებების - „ილიაუნი 10 წლისაა“ - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის კონგრესი 2016 და შავი ზღვის რეგიონის რექტორთა მე-12 კონფერენცია, რომლის თემაა: „უნივერსიტეტის ცვალებადი როლი გლობალურ და რეგიონალურ კონტექსტში“.

კონგრესის ფარგლებში, შავის ზღვის უნივერსიტეტების ქსელის ახალი პრეზიდენტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას, ინაუგურაცია შედგება. გიგა ზედანია ქსელს მომდევნო 2 წლის განმავლობაში, 2018 წლამდე უხელმძღვანელებს.

კონგრესზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება „ფოლკსვაგენის“ ფონდის გენერალური მდივანს, დოქტორს ვილჰელმ კრულს, რომელიც მოხსენებას გააკეთებს თემაზე: „უნივერსიტეტის კრეატიული კულტურა“.

შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის კონგრესისა და შავი ზღვის რეგიონის რექტორთა მე-12 კონფერენციის შესახებ

თემა:

უნივერსიტეტის ცვალებადი როლი გლობალურ და რეგიონალურ კონტექსტში

ძირითადი განსახილველი საკითხები:

  • უნივერსიტეტის სამი მთავარი მისია: სწავლება, კვლევა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება;
  • უნივერსიტეტის როლი რეგიონალურ განვითარებაში, მაგალითები შავი ზღვის რეგიონიდან;
  • ინტერნაციონალიზაცია - უმაღლესი განათლების სისტემის გამოწვევები და შესაძლებლობები რეგიონალურ, ევროპულ და გლობალურ კონტექსტში.

მონაწილეები:

კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ და მოხსენებებით წარდგებიან:

ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვლადიმირ ბუმბაზიროვიჩი; შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის გენერალური მდივანი, პროფესორი იდენ მამუტი; შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, მიშელ ქრისტიდესი; ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტების საზოგადოების საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი გულსუნ საგლამერი; გაეროს აკადემიური გავლენის სამდივნოს (UNAI) ხელმძღვანელი, რამუ დამოდარანი; შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, ასაფ ჰაჯიევი; ხმელთაშუა ზღვის ქსელის საინჟინრო სკოლის პრეზიდენტი, აბდელმაჯიდბენამარი; ევროპის დედაქალაქთა უნივერსიტეტების ქსელის (UNICA) პრეზიდენტი, ჟან პიერ ბურგუნიონი; ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის გენერალური მდივანი, დოქტორი ლესლი უილსონი; ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი როლფ ტარაქი და სხვა.

განრიგი

კონგრესი შედგება როგორც დახურული, ისე საჯარო შეხვედრებისგან. კონგრესის დეტალური პროგრამა განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის შესახებ

შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი შავი ზღვის რეგიონის აკადემიურ დაწესებულებათა კოოპერაციული სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის განვითარებას და განათლების, მეცნიერული კვლევების, ინოვაციებისა და კულტურული თანამშრომლობის ჰარმონიულ თანაარსებობას.

დღესდღეობით, ქსელში გაერთიანებულია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 12 წევრი ქვეყნის 120 უნივერსიტეტი. გაერთიანების წევრი ქვეყნებია: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, სერბეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი და უკრაინა.

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://www.bsun.org/

დრო: 12-14 მაისი

ბანერები