


შავი ზღვის ბინადარი ზღვის ღორების უჩვეულო ვოკალიზაცია
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი რუმინელ, ბულგარელ, თურქ, უკრაინელ და ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობს შავი ზღვის ვეშაპისნაირების (ზღვის ღორის, თეთრგვერდა დელფინისა და აფალინას) აკუსტიკურ კვლევაში.
აკუსტიკური კვლევა და ხმის ჩაწერა ვეშაპისნაირთა სახეობების შესასწავლად მნიშვნელოვანია, რადგან დელფინებისა და ზღვის ღორებისთვის ბგერები სივრცეში ორიენტაციის, საკვების მოპოვებისა და ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებაა.
კვლევისთვის საჭირო დელფინებისა და ზღვის ღორების ხმის ჩამწერი თანამედროვე აკუსტიკური ხელსაწყოები (F-POD) ეკოლოგიის ინსტიტუტს ბრიტანულმა კომპანია Chelonia Limited-მა უსასყიდლოდ გადასცა.
მაისში ეკოლოგიის ინსტიტუტმა ხმის ჩამწერი ორი მოწყობილობიდან პირველი ჩანაწერები ამოიღო და დაიწყო მათი დამუშავება. პარალელურად ჩანაწერები გაუგზავნეს ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევარს, ნიც ტრეგენზას, რომელიც ვეშაპისნაირთა აკუსტიკური მონაცემების ანალიზისთვის სპეციალურ პროგრამებს ქმნის. ეკოლოგიის ინსტიტუტმა მისგან მეორე დღესვე ასეთი შინაარსის წერილი მიიღო:
„მონაცემები ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, ჩანაწერებში ზღვის ღორების მიერ გამოცემული უამრავი ბგერა აღმოჩნდა, მაგრამ გაცილებით დაბალი სიხშირის, ვიდრე ზღვის ღორებისთვის აქამდე აღწერილი ბგერების ვიწრო დიაპაზონი. ეს ახალი აღმოჩენაა“.
რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს ჩანაწერების ანალიზის საწყისს ეტპაზე?
- საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ინტენსიურად იყენებს გადაშენების საფრთხეში მყოფი ზღვის ღორების დიდი რაოდენობა. ამას ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის აღრიცხვების მონაცემებიც აჩვენებდა და მნიშვნელოვანია, რომ აკუსტიკურმა კვლევამაც დაადასტურა.
- შავ ზღვაში მცხოვრებ პოპულაციას შესაძლებელია დამახასიათებელი დიალექტი ჰქონდეს, რადგან ვოკალიზაციის დიაპაზონით იგი განსხვავდება ატლანტის, წყნარ და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეებში მობინადრე ზღვის ღორებისგან.
ეს პირველადი შედეგი ახალ კითხვას აჩენს: რატომ იყენებენ „ჩვენი“ ზღვის ღორები უფრო დაბალ სიხშირეებს? საერთოდ, ზღვის ღორები აკუსტიკურად კრიპტულ სახეობად ითვლებიან, რაც ნიშნავს, რომ სხვა ვეშაპისნაირებზე იშვიათად ან სხვა ვეშაპისნაირებისთვის დამახასიათებელ დიაპაზონში გამოსცემენ ბგერებს. ამით ისინი ნაკლებად იპყრობენ მტაცებლებისა და კონკურენტ სახეობათა ყურადღებას. ზოგ ტერიტორიაზე, სადაც მრავალი გემი მოძრაობს, ზღვის ღორები ცვლიან დიაპაზონს, ცდილობენ, ასცდნენ გემების მიერ წარმოქმნილი ხმაურის სიხშირეებს, რათა საკუთარი ბგერების აღქმა შეძლონ (ნადირობის პროცესში ან კომუნიკაციის დროს).
ჩვენს ტერიტორიულ წყლებში ჯერჯერობით ბგერითი დაბინძურება მაღალი არ არის (ცოტა გემი გადაადგილდება), ამიტომ, ეს ახსნა არ გამოდგება. დაბალი სიხშირეების გამოყენება რამდენად აიხსნება იმით, რომ აფალინამ ან/და თეთრგვერდა დელფინმა ზღვის ღორი ვერ აღმოაჩინონ?
ესხმიან თუ არა ეს დელფინები თავს ზღვის ღორებს?
მაისში ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა იპოვეს გამორიყული ზღვის ღორი, რომელსაც კანზე კარგად ეტყობოდა თეთრგვერდა დელფინისგან დატოვებული იარები, ხოლო კანქვეშა ცხიმზე აღენიშნებოდა მრავალი სისხლჩაქცევა (დარტყმის შედეგად). ეს დაზიანებები ინტერფერენციული კონკურენციის შედეგს ჰგავს: როდესაც ორი სახეობა ერთმანეთის კონკურენტია შეზღუდულ რესურსზე, ერთი სახეობა ცდილობს, მეორე აგრესიული თავდასხმით განდევნოს.
შესაძლოა, დაბალი სიხშირეების გამოყენება უფრო ოპტიმალურია გარკვეულ ჰაბიტატებში. ცნობილია, რომ დაბალი სიხშირის ბგერები უფრო დიდ მანძილზე ვრცელდება და მათ აბსორბციის ნაკლები უნარი აქვთ, ვიდრე მაღალი სიხშირის ბგერებს.
რა თავისებური მახასიათებლები აქვს ჩვენს ჰაბიტატებს, რითაც შეიძლება აიხსნას დაბალი სიხშირეების გამოყენების უპირატესობა?
შეიძლება პრიორიტეტული მსხვერპლი სახეობებისთვის დაბალი სიხშირის ტკაცუნი (გამოიცემა ნადირობისას, მსხვერპლის აღმოსაჩენად) ნაკლებად აღსაქმელია?
თუ შავი ზღვის პოპულაციის ხანგრძლივმა იზოლაციამ განაპირობა განსხვავებული ბგერითი რეპერტუარის ჩამოყალიბება?
წინ კიდევ ბევრი საინტერესო კვლევა გველის შავ ზღვაში მობინადრე ზღვის ღორების „უცნაური“ ვოკალიზაციის ასახსნელად.
2021 წელი