


სეისმოლოგების საერთაშორიშო სამეცნიერო ექსპედიცია ჯავახეთის რეგიონში
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის საერთაშორიშო სამეცნიერო ექსპედიცია ჯავახეთის რეგიონში ჩატარდა NATO-ს სამეცნიერო პროექტის ფარგლებში „სწრაფი რეაგირება მიწისძვრაზე კავკასიაში".
პროექტით გათვალისწინებულია სპეციალური მრავალდარგობრივი ჯგუფების შექმნა, რომელთაც შეეძლებათ სრულმასშტაბიანი სამეცნიერო კვლევების ჩატარება ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრულ ზონაში. აქ იგულისხმება საველე სეისმური ქსელის ინსტალაცია, სეისმური მონაცემების დამუშავება, მაკროსეისმური კვლევების და GPS გაზომვების ჩატარება, გეოლოგიური და გეომორფოლოგიური კვლევები. ჯავახეთის რეგიონი შერჩეული იქნა როგორც ერთერთი სეისმურად აქტიური რეგიონი. აქ უკვე რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს აქტიურ რღვევათა სისტემის კვლევა ჩვენს ამერიკელ და სომეხ კოლეგებთან ერთად.
ექსპედიციაში სეისმური მონიტორინგის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ მეცნიერები აშშ-დან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. საველე ტრენინგების და მთლიანად ექსპედიციის ეფექტურად ჩატარებას ხელი შეუწყო იმან, რომ ექსპედიციის დაწყებისას 2 აგვისტოს ახალქალაქის მახლობლად მოხდა საშუალო სიძლიერის მიწისძვრა (M=4.2). ბიძგები მოხდა იმ რღვევაზე, რომლის შესწავლაც დაგეგმილი იყო ექსპედიციის დროს. მიწისძვრის ეპიცენტრის ირგვლივ დაინსტალდა 4 სეისმოგრაფი, რომლებიც შეიქმნა და დამზადდა სმც-ში.სწორედ ამ ექსპედიციაში შედგა სეისმოგრაფების პირველი გამოცდა საველე პირობებში და აპარატურამ ექსპედიციის მონაწილეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ექსპედიციის ბოლოს მონაწილეებმა შეაჯამეს შედეგები და დასახეს სამომავლო გეგმები. გადაწყდა, რომ მომავალ წელს კვლევ ჩატარდება ანალოგიური ექსპედიცია, ხოლო NATO-ს სამეცნიერო პროექტისათვის საველე ჯგუფები აღჭურვილი იქნება სმც-ში დამზადებული აპარატურით. ექსპედიციაში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მეცნიერებთან ერთად სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.