სახელმწიფო სასწავლო გრანტით იმ პირთა დაფინანსება, რომლებიც უმაღლეს განათლებას იღებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და სწავლას აგრძელებენ საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 ივლისის №261 დადგენილების საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები და პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ან პირადი ნომრის მქონე პირებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობენ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, შეუძლიათ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღება.
განცხადებების მიღება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დაიწყება 2025 წლის 15 აგვისტოს და გაგრძელდება 21 ნოემბრის ჩათვლით.
განაცხადთან ერთად აუცილებელია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი ან/და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, განმცხადებლის ჩარიცხვას.
განაცხადების შესაბამისობას შეამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტი. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, განმცხადებლებს ეძლევათ მათი გამოსწორების ვადა 28 ნოემბრის ჩათვლით. გრანტის მიღების უფლება ექნებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომელთაც 2025 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ბაკალავრიატის ან სხვა განსაზღვრულ პროგრამაზე ექნებათ „აქტიური“ ან „შეჩერებული“ სტატუსი.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://mes.gov.ge/content.php?id=12953&lang=geo
2025