ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სამოქალაქო საზოგადოება ახალ მედიაში

სამშაბათს, 22 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართა ვებგვერდი azrebi.ge-ს პრეზენტაცია.

Azrebi.ge ჩაფიქრებულია, როგორც უნიკალური ადგილი კიბერ-სამყაროში, სადაც, პრაქტიკულად  შეუზღუდავი აუდიტორიის წინაშე, თქვენი პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული, ეთნიკური და სხვა იდენტობის მიუხედავად, შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრები, დაასაბუთოთ  მათი მნიშვნელობა მრავალფეროვანი და ფართო აუდიტორიის წინაშე.

ყველა ექსპერტული შეფასებით, დღეს საქართველოში არ არსებობს საჯარო სამოქალაქო სივრცე, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პრობლემებზე შეუზღუდავი დისკუსიისა და არაიერარქიული თვითგამოხატვის საშუალებას მოგვცემს. azrebi.ge ამას უზრუნველყოფს 11 სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და გამოცდილების მატარებელი "მასპინძლის" საშუალებით, რომლებიც ვებგვერდზე არა მარტო საკუთარ ტექსტებსა და პრეზენტაციებს აქვეყნებენ, არამედ, აქვთ ექსკლუზიური უფლება შესთავაზონ თქვენ მიერ დაწერილი ტექსტები და ვიდეო-პრეზენტაციები azrebi.ge-ს მკითხველებსა და მაყურებლებს. ჩვენი მასპინძლები არიან: ნინია კაკაბაძე, სიმონ ჯანაშია, რატი ამაღლობელი, გიგა ზედანია, დავით აფრასიძე, ლაშა ბურაძე, ეკა კვესიტაძე, ნინო დანელია, ლაშა ბაქრაძე, კახა კურტანიძე, ლევან ღამბაშიძე.

azrebi.ge ორი ნაწილისაგან შედგება: "დაწერილი აზრები" - ტექსტების გვერდი და "ვიდეოაზრები" - მონოლოგების, დიალოგების, დისკუსიებისა და პრეზენტაციების სივრცე.

„ვიდეოაზრებში" მასპინძლები აწყობენ დისკუსიებსა და განხილვებს, რომელთა ხანგძლიობა არ აღემატება 25 წუთს. ასევე, ისინი ზრუნავენ საინტერესო სტუმრების იდენტიფიკაციაზე და მათთვის ვიდეოპრეზენტაციის შეთავაზებაზე.

„დაწერილ აზრებში" მასპინძლები წერენ ტექსტებს, რომელთა საშულებით მსჯელობენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე და ცდილობენ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩართონ ამ მსჯელობაში - შესთავაზონ სტატიის დაწერა და გამოქვეყნება.

ვებსაიტზე გამოქვეყნებული მასალა ღიაა ყველა მედია საშუალებისათვის: მათ შეუძლიათ მასალების შეუზღუდავი გამოყენება ან რეპროდუცირება წყაროს მითითებით.

პრეზენტაცია გაიმართა სპეციალურად მედიისთვის და შეხვედრაზე დამსწრე ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდნენ "azrebi.ge"-ს "მასპინძლები".

ბანერები