ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო ონლაინკონფერენცია „წერო ქალაქზე, იცხოვრო ქალაქში: დევნის სივრცული რეპრეზენტაცია ოკუპირებულ ევროპაში (1940-1944)“

ახალი ამბები

5 ივნისს ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში (ბელგია) გაიმართა საერთაშორისო ონლაინკონფერენცია „წერო ქალაქზე, იცხოვრო ქალაქში: დევნის სივრცული რეპრეზენტაცია ოკუპირებულ ევროპაში (1940-1944)“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ათინათ მამაცაშვილი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (Université libre de Bruxelles) პროფესორი, ფილოლოგიური, ლიტერატურული და ტექსტუალური კვლევების ცენტრის დირექტორი ლორანს ბრონიე და ნიდერლანდურენოვანი ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (Vrije Universiteit Brussel) პროფესორი არვი ზეპი. მოხსენებები წაიკითხეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ბელა წიფურიამ და ათინათ მამაცაშვილმა, ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორმა ვივიან ლისკამ, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორმა უბერ როლანმა, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორებმა ჰელგა მითერბაუერმა, კრისტოფერ ბრენტ მიურემ და სხვებმა. კონფერენციის სპეციალური სტუმარი იყო ბელგიელი მხატვრის კურტ პაიზერის შვილიშვილი, გამომცემელი და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი პიერ ბუხი, რომელმაც წაიკითხა მოხსენება „სოციალური გარიყულობის მხატვარი: სივრცე და ებრაელობა კურტ პაიზერის ტილოებში“.

კონფერენციის თემატიკა უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში ურბანული წარმოსახვის გადააზრებას, როდესაც ტერიტორიებზე ერთდროულად „სახლობენ“ მწერლები, მხატვრები, ოკუპანტები, ადგილობრივები და ისინი, რომლებსაც რიყავენ „ადამიანთა მოდგმიდან“ (ე. ტრავერსო 2010) და ამ დროიდან მათი არსებობა იატაკქვეშეთში მცხოვრების მდგომარეობით განისაზღვრება (იხ. იან კოქსის ნახატი „ვან დეიკის სანაპიროს იატაკქვეშეთში მყოფები“, 1942 / Jan Cox, «Les clandestins du quai Van Dyck»).

როგორ ხდება ამ ურბანული წარმოსახვის განვითარება ლიტერატურულ, მხატვრულ, მუსიკალურ, კინომატოგრაფიულ რეპრეზენტაციაში, რომელიც ეხება ორმოციან წლებში ევროპაში მიმდინარე დესტრუქციულ მოვლენებს და წარმოადგენს „დასასრულს, გაუგებარ დასასრულს, ქალაქის, დროის, აზრის დასასრულს“ (პოლ ნუჟე, „ომი“)? როგორია ამ წარმოსახვითი სივრცის აგებულება, რომელიც ღიად თუ ფარულად მიანიშნებს იმ სივრცეზე, რომლის დუბლირებასაც თავად ახდენს – ანუ იმ რეფერენციულ (რეალურ) სივრცეზე, რომლის ორგანიზებაც ახალი კანონმდებლობით მოხდა? საუბარია იმ ახლად შექმნილ ნაცისტურ, ანტისემიტურ სივრცეზე, რომელიც ფუნქციონირებს „დაშვებისა“ და „არდაშვების“ ურთიერმიმართების საფუძველზე: ებრაელ ბავშვებს აღარ აქვთ უფლება საჯარო სივრცეში განლაგებული სათამაშო პარკებით ისარგებლონ, სკოლებში ისწავლონ; როდესაც ზოგიერთი საჯარო სივრცე ებრაელისთვის ნებადართულია (ქუჩები, მოედნები, ზოგიერთი შიდა სივრცეები), მისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მარკირებულია და ატარებს ნიშანს (ყვითელ ვარსკვლავს), რომელიც თვასაჩინოს ხდის მისი ტერიტორიული არ-მიკუთვნების მდგომარეობას. ფელიქს ნუსბაუმის ცნობილი ტილო სწორედ ამგვარი არალეგალური არსებობის სურათია („ავტოპორტრეტი ებრაული პასპორტით“, 1943 / Felis Nussbaum, „Selbstbildnis mit Judenpass“. https://www.biographie-peintre-analyse.com/2017/03/15/felix-nussbaum-selbstbildnis-mit-judenpass-autoportrait-au-passeport-juif/). კურტ პაიზერი კი, თავის მხრივ, ხატავს ტილოს „ვარსკვლავიანი“, რომელზეც ინტერიერის მუქ ფონზე გამოიკვეთება ადამიანის პორტრეტი, რომელსაც გულზე ყვითელი ვარსკვლავის ნაგლეჯი აქვს მიბნეული („ვარსკვლავიანი“ / Kurt Peiser, « L’étoilé » http://www.kurtpeiser.be/on-recherche/).

კონფერენციის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ: https://philixte.ulb.ac.be/journee-detude-ecrire-une-ville-habiter-une-ville-representations-spatiales-des-persecutions-en-europe-occupee-1940-1944/

კონფერენციის ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდება ბრიუსელის თავისუფალი უნივერსტეტის „ფილოლოგიური, ლიტერატურული და ტექსტუალური კვლევების“ ცენტრის (Philixte) ვებგვერდზე. https://philixte.ulb.ac.be

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ბელგიურ სამეცნიერო ჟურნალში Cahiers de la Mémoire contemporaine. https://journals.openedition.org/cmc/

იხ. თანდართული პროგრამა

კონფერენციის მოხსენებების მოსმენა შესაძლებელია ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

ბანერები